ფილმი, რომელიც შეგვცვლის

გიორგი თაბაგარი

აწ უკვე გახმაურებულ ფილმს „And Then We Danced – და ჩვენ ვიცეკვეთ“-ს და მის გუნდს Trailer-ის დადების დღიდან ძალიან ვგულშემატკივრობდი. მართალია, ამხელა საერთაშორისო წარმატებას არ ველოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ადგილობრივ დონეზე თავისი კონტროვერსიულობით ფილმი  უდიდეს სოციალურ ძვრებს გამოიწვევდა საქართველოში.

მიხარია, რომ ჯერჯერობით ჩემი მოლოდინი მხოლოდ მართლდება, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც კი. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ჩემი კუბელი მეგობრის ისტორიას, რომლის ოჯახსაც 80-იანი წლების ბოლოს სკოლასა და სოციუმში გაუსაძლისი ჰომოფობიური ბულინგის გამო იძულებითი ემიგრაცია მოუწია გერმანიაში.

ემიგრაციის შემდეგ სულ რამდენიმე წელში, კუბაზე გადაიღეს ფილმი „მარწყვი და შოკოლადი“, რომელიც კომუნისტურ ჰავანაში გეი ადამიანების ცხოვრებას და არსებულ ჰომოფობიურ გარემოს აღწერს. ფილმს არაერთი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად და მის ირგვლივ წარმართულმა დისკუსიამ საფუძვლიანად ამოაყირავა ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული წარმოდგენები კუბაზე. საზოგადოებაში მოხდა მარტივი ჭეშმარიტებების გააზრება და ეს ყველაფერი დიდწილად სწორედ ამ ერთი კონკრეტული ფილმის დამსახურებით.

დაახლოებით იმავეს მოლოდინი მქონდა/მაქვს „და ჩვენ ვიცეკვეთ“-ზე. ქართულ საზოგადოებაში ღრმად ფესვგამდგარი ჰომოფობიის ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ფილმს აჟიოტაჟი მოჰყვებოდა.

იოლად განჭვრეტადი იყო რადიკალური დაჯგუფებების პრიმიტიული ბრძოლის ფორმებიც, ამ ყველაფერზე მედიის ყურადღება და პრინციპში ყველაფერი ის, რაც გასული დღეების განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, 17 მაისები და „თბილისი პრაიდი“ გვაქვს გამოვლილი ქვეყანაში და არაფერი ისეთი არ მოხდებოდა, რითიც უკვე არ გაგვიოცებია მსოფლიო.

თავის მხრივ მორიგ სამარცხვინო პროცესს გადის საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ფილმის წარმატებას ხელს უწყობდეს, ლანგარზე მირთმეულ საჩუქარს ქართული კულტურის წარმოსაჩენად და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის იყენებდეს, თითქმის არაფერს აკეთებს ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად. ინსტიტუციური ჰომოფობიისა და პოლიტიკური ნების არქონის პირობებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ფილმი შინაარსის გამო პრაქტიკულად მხარდაჭერის გარეშე დატოვა.

თუმცა, საბოლოო ჯამში ყველა ზემოჩამოთვლილი გამოწვევა ფილმის წარმატების საწინდარად იქცა. რამდენიმე წუთში გაყიდული 6 ათასი ბილეთი, საფრთხისშემცველ გარემოში გავსებული დარბაზები და უდიდესი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედია ყურადღება მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ფილმს წინ კიდევ არაერთი წარმატება ელოდება წინ. იმედია, მათ შორის იქნება „ოსკარიც“.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“-ის მხატვრულ ღირებულებებზე პროფესიონალები ისაუბრებენ, თუმცა ჩემთვის ამ პროცესში ფილმის სოციალური ასპექტი უფრო ღირებულია და აღსანიშნავია ის როლი, რომელიც მან უკვე იკისრა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პრობლემების წინ წამოსაწევად.

პირველ რიგში, მინდა, გამოვყო რადიკალური ჯგუფების მარგინალიზაციის პროცესი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში თვისებრივად ახალ ფაზაში გადავიდა.

კომბლებით შეირაღებული ბანდ-ფორმირებები, ღიად პრორუსული პოლიტიკის მქადაგებელი ლიდერებით, ვინც მხოლოდ ჩვენი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით არიან დაინტერესებულნი, საზოგადოების ბევრად ფართო ნაწილისთვის გადაიქცნენ საფრთხედ. საზოგადოებამ დაინახა ისიც, რომ არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, დაკარგული ტერიტორიტორიებისა და რუსეთის მხრიდან მუდმივი ბორდერიზაციის ფონზე,  აღნიშნული ჯგუფების ინტერესს დიდწილად მხოლოდ სხვისი „ტრაკის დარაჯობა“ წარმოადგენს.

ჰომოფობიაც რეალურად პოლიტიკური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რელევანტურობის შენარჩუნების  ინსტრუმენტად იქცა, რომელსაც ნაწილობრივ მედიაყურადღების პირობებში კვლავ აგრძელებენ, თუმცა შესამჩნევი და შეუქცევადი გახდა თავად მათი და მათი იდეების მარგინალიზაციის პროცესი. შესაბამისად, უკუშედეგი აქვს აღნიშნული ჯგუფების ყველა მცდელობას, შეზღუდონ ქვიარ ადამიანებისა თუ სხვა ჯგუფების თავისუფლება.

ფილმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით კრებსითმა ლევან ვასაძეებმა  მხოლოდ ხელი შეუწყვეს მის პოპულარიზებას, საერთაშორისო ყურადღებას და საზოგადოებაში ასე საჭირო დისკუსიების წამოწყებას. ახლა კი, როცა მთელი საქართველო ნახავს ორი გეი ბიჭის ისტორიას, აუცილებლად უნდა მოხდეს იმ ღირებულებების გადახედვა, რომელიც უახლეს ისტორიაში არაერთ სამარცხვინო ლაქად დააჩნდა ქართულ საზოგადოებას.

შეუძლებელია ემპათია არ გაჩნდეს მერაბის (ლევან გელბახიანის გმირი) მიმართ, რომელიც  გარდა იმისა, რომ გეი ბიჭია, ასევე ძმაა, შვილია, შვილიშვილია, მეგობარი თუ მიმტანია, ზუსტად იმავე პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე მდგომი ახალგაზრდაა, რომელთა წინაშეც დგას ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალი ადამიანი ამ ქვეყანაში. განსხვავება კი ის არის, რომ ყველა სხვა სირთულეებთან ერთად მერაბს ჰომოფობიური სიძულვილის გავლაც უწევს. სიძულვილის, რომელიც განგრევს და თვითგადარჩენისთვის ერთადერთ გზად მხოლოდ ქვეყნიდან გაქცევას გიტოვებს. ასე გაიქცა ჩემ ირგვლივ ასეულობით ლგბტ ადამიანი ბოლო ორი წლის განმავლობაში…

ფილმის ირგვლივ განვითარებული პროცესების კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საზოგადოების ცნობადი სახეების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, მედიის, პოლიტიკოსების, სპორტსმენების გამოფხიზლებაა. 10 წელია ქვიარადამიანების უფლებებზე ვმუშაობ და ზედმიწევნით კარგად მახსოვს ყველა ის პროცესი, რომლის გავლაც მოგვიწია. მახსოვს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, ვინც ბედავდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ ჰომოფობიური სიძულვილის პრობლემაზე.

მაშინაც კი, როცა 2013 წელს მთელმა მსოფლიომ უყურა არნახულ ძალადობას, როცა ტრანსგენდერ ადამიანებს ხოცავდნენ, როცა მოსაკლავად დაგვსდევდნენ და გვემუქრებოდნენ, საზოგადოებამ და სახელმწიფომაც არსებითად მხოლოდ სიჩუმე დაგვახვედრა. არ მომხდარა ისტორიის შავი ლაქების გააზრება, ჰომოფობიის როგორც სოციალური პრობლემის აღიარება და მის გადასაჭრელად ქმედით ღონისძიებების გატარება. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ამ მოცემულობასაც ცვლის! შესამჩნევად გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საჯაროდ საუბრობს ჰომოფობიისა და სიძულვილის პრობლემებზე, თავისუფლებების შეზღუდვასა და ადამიანის უფლებებზე. შორს არ არის ის დრო, როცა ჰომოფობობა საქართველოში სირცხვილი გახდება და ეს გარდაუვალი პროცესია!

გიორგი თაბაგარი

სამოქალაქო აქტივისტი, თბილისი პრაიდის ორგანიზატორი