კობახიძის ლექციაზე | ბლოგი

მინდია გაბაძე

ბოლო რამდენიმე კვირაა ყოველ შაბათს ვაშუქებ ამბავს, თუ როგორ ხვდებიან უნივერსიტეტთან პროტესტით რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და როგორი მეთოდებით ახერხებს შესვლას (ზოგჯერ კი შეპარვას) ლექტორი უნივერსიტეტში.

სცენარი ყოველ შაბათს თითქმის ერთნაირია – რამდენიმე ათეული ადამიანი დროშებითა და ბანერებით იკრიბება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან. იმავე დროს შეკრებას იწყებენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები და სხვა ძალადობრივი, სპეციალურად მობილიზებული ჯგუფები.

კობახიძის ლექცია 10 საათზე იწყება. მის გამოჩენას ყოველ ჯერზე საპროტესტო შეძახილები, ხმაური და ყვირილი ახლავს. ამ დროს კი მოქმედებას აგრესიული ჯგუფები იწყებენ და პროტესტის მონაწილეების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიან.

ყოველ შაბათს იმხელა რესურსი იხარჯება კობახიძის უნივერსიტეტში შესასვლელად, რომ ბუნებრივად გამიჩნდა ინტერესი, რამდენად საინტერესო ლექციას ატარებს ქვეყნის პრემიერი. ექსპერიმენტის მიზნით, გადავწყვიტე, დავსწრებოდი მის ლექციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება თავისუფალია, შესაბამისად, მის ლექციებზე დასწრების სურვილი – ბუნებრივი.

ტრადიციულად, დილით ჯერ ყავის საყიდლად შევედი მე-2 კორპუსის კუთხეში მდგომ კაფეში, სადაც თავს აფარებენ პოლიციელები და სპეციალურად მობილიზებული პირები. კაფეს თანამშრომელი ხუმრობის ხასიათზეც იყო – კოლეგას ეუბნებოდა, დღეს კობახიძის დღე გვაქვსო. მეც მესამედ ვიყავი ასეთ დროს ამ კაფეში და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სიტუაციაა. შავად შემოსილი კაცები აუჩქარებლად და აუღელვებლად სვამენ ყავას და ასე იკავებენ კაფეს მთელ ტერიტორიას.

მივადექი უნივერსიტეტის შესასვლელს. მივედი დაცვასთან და ვთხოვე, რომ შევეშვი. სანამ დაცვის თანამშრომელი მკითხავდა კონკრეტულ აუდიტორიასა და ლექტორს, ერთი სტუდენტიც ამომიდგა გვერდით. ის წუხილს გამოთქვამდა უნივერსიტეტში  შეშვების ამ რეჟიმის გამო. რამდენიმე წუთი დაგვაყოვნეს, თუმცა აუდიტორიისა და ლექტორის დასახელების შემდეგ ჩვენზე ნებართვა გაიცა, რომ შევეშვით.

ცხადია, არ მითქვამს, რომ ირაკლი კობახიძის ლექციაზე ვაპირებდი შესვლას. შევედი თამამად. დერეფანში შევნიშნე ჩემსავით გზააბნეული არაერთი პირი, რომლებიც დაცვის თანამშრომლებს ეკითხებოდნენ, სად დაელიათ წყალი. მე იქვე ჩამოვჯექი, დროის გასვლის მოლოდინში. ამასობაში, სავარაუდოდ, დაცვის უფროსი რიგით თანამშრომლებს განალაგებდა პოზიციებზე – ვის რომელი დერეფანი უნდა გაეკონტროლებინა, ვინმე რომ არ შემოსულიყო. ერთ-ერთს კიბეების შემოწმება დაევალა.

უკვე 20 აკლდა ათს. ავდექი კიბიდან და გავეშურე მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც კიბეს ფიზიკის დიდ აუდიტორიამდე მივყავართ. შესასვლელში ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ოფიციალურ დაცვას არაფრით არ ჰგავდა, თუმცა პოზიციას მყარად იმაგრებდა, ვკითხე, ლექციაზე შესვლა უკვე შესაძლებელი იყო თუ არა, თავი დამიქნია და მეც შევედი. შვიდი საფეხური ავიარე და იქვე დავჯექი. აუდიტორია ნელ-ნელა ივსებოდა.

დაცვის თანამშრომლების ჩათვლით, დაახლოებით 20-მდე ადამიანი შევიკრიბეთ. ზუსტად 10 საათზე შემოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ლექტორს ერთი იმდენი ადამიანი შემოჰყვა, რამდენიც მანამდე აუდიტორიაში ველოდებოდით. ამ ადამიანთა შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერები, პროპაგანდისტები, რომლებსაც პირადად ვცნობ. ლექცია დაიწყო ისევე მონოტონურად, როგორადაც ბრიფინგებს იწყებს ხოლმე.

დაიწყო მთავრობის შემადგენლობის სტრუქტურის ახსნით. ჰყვებოდა იმას, რომ მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა; რომ მთავრობის შემადგენლობაში შედიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრები; რომ მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე და ა.შ. ანუ – იმ ანისა და ბანის, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში მაქვს ნასწავლი. აუდიტორიაში სიჩუმე იყო.
მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ყველა ყურადღებით უსმენდა ლექციას. ზოგი რილსებს სქროლავდა, ზოგი შეტყობინებებს გზავნიდა, ზოგიც კედელზე ჩამოკიდებულ აინშტაინის ფორმულას მისჩერებოდა. ამასობაში კი კობახიძე განაგრძობდა მთავრობის ფუნქცია-მოვალეობების ახსნას. ცოტა ადამიანი ვუყურებდით მის მინიმალისტურ პრეზენტაციას. ბატონმა ლექტორმა ერთხელ იხუმრა კიდეც.

ჰყვებოდა, რომ პრემიერს პარლამენტის წინაშე სავალდებულო მოხსენენით წარდგომის ვალდებულება აქვს. გარდა ამისა, პარლამენტს მისი ოთხჯერ დაბარების უფლებაც აქვს, რაზეც ხუმრობით აღნიშნა, რომ ოპოზიციას არც ერთხელ არ გამოუყენებია ეს შესაძლებლობა და შესაბამისად, მხოლოდ ერთხელ, ამ თვის ბოლოს მოუწევს მას პარლამენტის წინაშე წარდგომა.

ნახევარ საათზე მეტი იყო გასული, აუდიტორიაში პირველი და ამავდროულად უკანასკნელი შეკითხვა რომ დაისვა და ისიც  თავად ბ-ნი ლექტორისგან – შეკითხვები ხომ არ გაქვთ? და სრული დუმილის შემდეგ კვლავ მონოტონურად განაგრძო ლექციის წაკითხვა. ათი აკლდა თერთმეტს, როცა პრემიერმა ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა.

ზოგი გავიდა, ზოგიც დარჩა. ჩემ გვერდით რიგში მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა. ადამიანების გადაადგილების მიუხედავად, მას, როგორც მე, ადგილი არ შეუცვლია. გადალაპარაკება დაიწყო ჩემ უკან მსხდომ ბიჭებთან და ტელეფონიდან თავი არ ამიწევია, ისე ვიგრძენი, რომ კიდევ ერთი-ორი ბიჭი ჩამოდგა შორი ახლოს.

„დებილები ვგონივართ, ძმობას გაფიცებ“, – თქვა ჩემ გვერდით მჯდომმა ბიჭმა სასხვათაშორისოდ, თითქოს ლექციაზე დასწრების უფლება მხოლოდ მათ ჰქონდათ. ცხადია, რეაქცია არ მქონია. არ მინდოდა, უსიამოვნო სიტუაცია შემექმნა და აუდიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მივიღე. გამოსასვლელში დაცვის უპრეცედენტოდ ბევრი თანამშრომელი დამხვდა. დათვლა ვერც მოვასწარი. ნათელი  დერეფანი მთლიანად ჩამუქებული იყო. მათი კორდონი გავიარე და აუღელვებლად დავტოვე მეორე სართული.

ლექციის დამთავრებას უნივერსიტეტის გარეთ დაველოდე. ლექტორმა სტუდენტებთან ერთად შენობა თავის დროზე დატოვა, შემდეგ კი პარტაქტივმა მანქანამდე მიაცილა. ასე დამთავრდა რიგითი შაბათი. გუშინ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები პრემიერს შეძახილებით არ დახვედრიან.