„ფრაგმენტები” | რბოლა დროსთან

გაბრიელ ჩუბინიძე

პროექტ „ფრაგმენტების“ მიზანი არ არის ადამიანებში წარსულის სენტიმენტების გაღვივება და ამით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა, ადამიანების გრძნობებზე თამაში იმისათვის, რომ მათგან რამდენიმეწამიანი მხარდაჭერა მიიღოს. „ფრაგმენტების” მიზანი ალტერნატიული საჯარო არქივის შექმნაა – სახელმწიფო ინსტიტუტებს მიღმა არსებული სივრცის, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, რაც წარსულს, საზოგადოებასა და ადამიანებს უკავშირდება.

პროექტის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე, როგორც რიგითი სტუდენტი, დავინტერესდი ისტორიული მოვლენების ფოტო/ვიდეო მასალით, რომელსაც ვერ ვპოულობდი. და ეს გასაკვირი არც არის – საქართველოში ვიზუალური საარქივო მეხსიერება ძალიან მწირია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კოლაფსის შემდეგ, სხვადასხვა შენობაში განლაგებული საწარმოო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციების არქივები უბრალოდ დაიკარგა ან განადგურდა და, სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მათ შორის, იგივე ბედი გაიზიარა ფოტო და ვიდეო არქივმაც – გაქრა გაზეთების არქივები, ფოტოსალონების, ქარხანა-ფაბრიკებში არსებული ფოტოკუთხეები და ა.შ.

საბოლოოდ, 2026 წელს, მოვაღწიეთ ისე, რომ ახალგაზრდებს (და ძველგაზრდებსაც) პრაქტიკულად არ აქვთ საშუალება, შეეხონ წარსულს; არ აქვთ საშუალება, დაინახონ, თუ როგორი იყო ერთი საბჭოთა ქართველის ცხოვრება – რას ხედავდა ქუჩაში გასვლისას; როგორი იყო მისი სამუშაო სივრცე, სახლი და ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ინტერნეტში უამრავი სურათია და ყველას შეუძლია მისი ნახვა, მაგრამ რეალურად ეს იმის მეხუთედიც კი არ არის, რაც შეიძლება არსებობდეს – აღარაფერს ვამბობ არსებული ფოტოების ხარისხზე. არავინ იცის, სად არის ორიგინალი ფაილი, არავინ იცის ვინ გადაიღო, როგორ გადაიღო.

უდიდეს ფოტოკოლექციას ინახავს საქართველოს ცენტრალური არქივი. ის დაყოფილია თემატურ კატეგორიებად და მოიცავს თითქმის ყველა თემას, რაც კი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ისმის კითხვა, რამდენად ასახავს ეს ფოტოები ადამიანთა და ზოგადად საზოგადოების ყოველდღიურობას? ვუპასუხებდი, რომ არა – ის არ ასახავს საბჭოთა საქართველოში არსებულ რეალურ ცხოვრებას. არქივში, მეტწილად, დაცულია სახელმწიფოს დაქვემდებარებული საქართველოს საინფორმაციო ბიუროს ფოტოგრაფთა გადაღებული ფოტოები – ანუ ის კადრები, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით  გადაიღეს და სახელმწიფომვე მიიღო მათი შენახვის გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ცენტრალურ არქივში არსებული კინო-ფოტო-ფონო მასალა უდიდესი და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ვფიქრობ, არასაკმარისი – ბოლოს და ბოლოს, რამდენი კადრი, ავტორი თუ არქივია ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში არ შეინახეს და „უარი ითქვა“? რამდენმა ადამიანმა მიიჩნია, რომ მის ოჯახში არსებული არქივი არ იყო „საკმარისი“? და რა კრიტერიუმებით დაადგინა, რომ ის არ იყო საკმარისი?

საქართველოში ალტერნატიული არქივები დიდი ხანია, არსებობს – განსაკუთრებით გამოსარჩევია საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის შესანიშნავი არქივი, რომელიც აურაცხელ მასალას მოიცავს. მიუხედავად ამისა, „ფრაგმენტებისგან“ განსხვავებით, არცერთი სხვა არქივი არ ყოფილა პროაქტიური და კონცენტრირებული უშუალოდ ფოტოებზე.

„ფრაგმენტების“ მიზანი რიგითი ადამიანების ფოტოარქივების შეგროვებაა, რადგან მჯერა, რომ სწორედ ასეთ არქივებში ვიპოვი საბჭოთა ქართულ „ყოველდღიურობას“ – კადრებს იმის შესახებ, თუ როგორ ერთობოდნენ ახალგაზრდები, რა ეცვათ, როგორი იყო ქუჩები, ქალაქი, სოფელი და ა.შ. პარალელურად, აღმოვაჩენ კადრებს, რომლებზეც გამოსახული იქნება ისეთი ობიექტები, რომლის ფოტოები აქამდის არ გვქონია და ასეთი უკვე ბევრი ვნახე.

მთავარი განსხვავება პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფს შორის არა ფოტოების ტექნიკური სრულყოფილება, არამედ შინაარსია. პროფესიონალი იღებს შერჩევით კადრებს – ეძებს საინტერესო და ესთეტიკურ სცენებს, მაშინ, როცა მოყვარული მეტწილად პირიქით არის, თან ტექნიკურადაც არ არის სრულყოფილი. მის ფოტოებს აქვს ერთი დიდი პლუსი – ბევრ ფოტოს იღებს, ანუ მის კადრში უამრავი სცენაა ასახული. სწორედ მოყვარული ფოტოგრაფის, ლევან ჩხაიძის არქივში შემხვდა ძველი ანძის მშენებლობის ფოტოსურათები; ფუნიკულიორზე მდგარი სტალინის ძეგლის ფოტოები; თუნდაც უცნობი ავტორის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც ახლად გაჭრილი ვარაზის ხევი და მდინარე ვერე ჩანს.

ფოტოს ავტორი: ლევან ჩხაიძე
ფოტოს ავტორი: ლევან ჩხაიძე
ფოტოს ავტორი: ლევან ჩხაიძე
ფოტოს ავტორი: ლევან ჩხაიძე

ფოტო არის წყარო – მასზე გამოსახული კადრი მრავალმხრივ შეგვიძლია, განვიხილოთ და შევისწავლოთ. საინტერესოა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი სურათი სხვადასხვა თაობის ადამიანებმა სრულად სხვადასხვაგვარად დავინახეთ – შეიქმნა სურათის ორი რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაცია. თითოეული თაობა ფოტოს პირადი კულტურული კოდებით, გამოცდილებითა და მეხსიერებით კითხულობს, ე.ი. ფირზე გამოსახული ფოტო, როგორც ქიმიური პროცესის შედეგი, არის სტატიკური, მაგრამ მისი აღქმა დინამიკური – იცვლება ადამიანიდან ადამიანამდე. აკნინებს კი ეს რომელიმე მხარეს? საერთოდაც არა, პირიქით, მისი ძალაც სწორედ ამაშია. არავინ ვიცით სრული სიმართლე, არავის გვაქვს ერთნაირი ვიზუალური აღქმის სისტემა და აზროვნება. სწორედ ეს არის სურათების მთავარი ძალაც – განსხვავებული „ხედვის“ თანაარსებობა აჩენს უდიდეს სივრცეს ინტერპრეტაციისთვის. ისტორიკოსს ექნება თავისი ხედვა, ანთროპოლოგს თავისი, მოდის მკვლევარს – კიდევ უფრო სხვანაირი და ასე უსასრულოდ.

ფოტოებს, განსაკუთრებით კი ფირებს ბუნებრივი საფრთხეც ემუქრება. თუ ის არ არის კარგად შენახული, ფირი იწყებს ბუნებრივ ქიმიურ პროცესს და იწყებს რღვევას და მასზე ასახული კადრი ნელ-ნელა ქრება. აქედან გამომდინარე, ფირებზე მუშაობა ეს არ არის სტატიკური – ეს არის რბოლა დროსთან. ერთი მხრივ, საზოგადოების ნაწილი ვერ ხვდება მის ღირებულებას და უბრალოდ ივიწყებს მას, უარეს შეთხვევაში კი ანადგურებს ან თავისით ნადგურდება.

საზოგადოების დიდი ნაწილი მართალია ვერ აცნობიერებს მის ღირებულებას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ქართული სახელმწიფოა მოწოდების სიმაღლეზე – უფრო სწორედ ის თავადვეა დამნაშავე არსებულ მდგომარეობაზე. თავისი უმოქმედობის, დაბალი ინტერესისა და სრული ინდიფერენტულობის გამო, მან უკვე დაკარგა არქივების მნიშვნელოვანი ნაწილი – არქივების, რომელიც ამოწურვადი რესურსია. თითოელი დაკარგული ფურცელი, ფოტო თუ ვიდეოკადრი, ავიწროვებს ჩვენს მეხსიერებას. რბოლა დროსთან კი არ არის მხოლოდ „შეჯიბრი“, ძველი ფოტოფირების გაციფრულება დღეს აღარ არის უბრალოდ ტექნიკური და ესთეტიკური პროცესი, ეს არის მეხსიერების გადარჩენის კულტურულ-პოლიტიკური აქტი.

და მაინც, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ოჯახში გვაქვს ძველი ფირები? პირველ რიგში, სასწრაფოდ მოარიდეთ ნესტს, სიცხეს, მზის სხივებს, სხვენსა და სარდაფს. აი, შემდგომ ეტაპზე კი დაფიქრდით, რა გსურთ მისგან – შეგიძლიათ, მიაკითხოთ უახლოეს ფოტოლაბორატორიას და თანხის სანაცვლოდ გააციფრულოთ; შეგიძლიათ, ესტუმროთ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ცენტრალურ არქივს და მათ დაუტოვოთ სამუდამოდ შესანახად და არის მესამე გზაც – თუ მიიჩნევთ, რომ ფირებზე შეიძლება საინტერესო კადრები იყოს გამოსახული, დამიკავშირდით, უფასოდ გაგიციფრულებთ და ბოლოს დაგიბრუნებთ, როგორც ციფრულ, ასევე მატერიალურ ვერსიებს, ამით კი დაეხმარებით „ფრაგმენტებს“, რომ გაიზარდოს და მასთან ერთად განვითარდეს მისი იდეაც.