ერთი სახალისო ამბავი მახსენდება ჩემი ბავშვობიდან… ბოლომდე სახალისო იქნებოდა, სატირალიც რომ არ იყოს:
ვზივარ მერვეკლასელი მოსწავლე ჩემს ოთახში და ვსწავლობ „ვეფხისტყაოსანს“ – „რომელმან შექმნა სამყარო…“. ამ დროს ოთახში შემოირბენს ჩემი სამი წლის ძმა. ყურადღება მასზე გადამაქვს, ვეკითხები – აბა, შენ თუ იცი, სამყარო ვინ შექმნა–მეთქი. ის თვალს თვალში გამიყრის, დაფიქრდება და მიპასუხებს – ვინ შექმნიდა ახლა მაგას – ალბათ, ლენინმაო…
დიახ, პროპაგანდა ბავშვობიდანვე გვინერგავდა კერპების თაყვანისცემას, მაშინ ხომ სიკეთის ყველა აგური ძია ლენინის დადებული იყო და ყველა ბოროტება მისივე ხელით შემუსვრილი… საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვის პირველი საზეპირო ლექსიც ხომ ეს იყო: „მოსკოვში ერთი სახლია…“. ბოლომდე წაკითხვას ვეღარ გავუძლებ, თვითონაც გეცოდინებათ…
სკოლაში მისულ პირველკლასელებს გულზე ბროშს გვიკეთებდნენ, ზედ ძია ლენინის ბავშვობა იყო გამოსახული. გვეუბნებოდნენ, რომ თუ კარგად მოვიქცეოდით, მერე პიონერის წითელ ყელსახვევს გაგვიკეთებდნენ, რომელიც საბჭოთა წითელი დროშის ნაწილი იყო და წითელიც იმიტომ იყო, რომ ჩვენი მამა–პაპის სისხლით იყო შეღებილი. მახსოვს პიონერული შეკრებებიც. რაზმეულის საბჭოს თავმჯდომარის შეძახილი – „პიონერო, იყავ მზად!“ და პიონერების პასუხი: „მზად ვარ!“. მახსოვს „ჩვენს ალმებზე მზის სხივი“ და საშინელი ყავისფერი ფორმის კაბა, შავი წინსაფრით... მახსოვს პიონერთა ბანაკები, დილის რაზმეულის შეკრებები, რაზმებს შორის პირველობისთვის ქიშპობები. ისიც კი მახსოვს, ერთ წელს ჩვენმა პიონერხელმძღვანელმა განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინა და პიონერთა გარკვეულ ჯგუფს დაავალა, რომ დილით ყველას ოთახი შეემოწმებინათ და პიონერთა შეკრებებზე საჯაროდ ემხილებინათ ის პიონერები, რომლებმაც რაზმეულის შეკრებამდე ოთახი მოუწესრიგებელი დატოვეს… ისიც მახსოვს – რომ გაკვეთილებზე არ დაიშვებოდა მოსწავლე, თუ დილით სიჩქარეში პიონერის ყელსახვევის გაკეთება დაავიწყდებოდა. მახსოვს საპატიო დაფა, სადაც მოწინავე, წარჩინებული პიონერებისა და კომკავშირელების ფოტოები იყო გამოკრული. შედარებით სუსტი მოსწავლეების შეურაცხყოფილი სახეებიც მახსოვს, არასოდეს რომ არ გაუჩნდებოდათ პრეტენზია ამ დაფაზე მკვიდრობის. სხვათა შორის, იყო ორგანიზაციები, სადაც მსგავსი დაფის გვერდით მეორე დაფაც იყო: „ვინ გვარცხვენს“ და არც ის დაფა უჩიოდა ფოტოების ნაკლებობას.
მერე იყო კომკავშირი, ახლა უკვე დიდობის ძია ლენინი გვეხატა გულზე. უფრო სწორად დიდი ბელადი დროშაზე ეხატა და დროშა ჩვენ გვეკეთა გულზე. დიდ რუსეთში ლენინის დაფიცებაც კი ჩვეულებრივი ამბავი იყო – „Честное пионерское…“, „Честное комсомольское…“.
იყო პარადები (მაშინ მხოლოდ ეგრე ვეძახდით), სადაც აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყავი. იქ იდგა პარტიული აღმრიცხველი და აბა კაი ბიჭი იყავი და არ მისულიყავი… აქვე ვიტყვი, რომ ის აღმრიცხველი მარტო მოსწავლეების კი არა, მასწავლებლების დასწრებასაც ამოწმებდა. მასზე დასწრება ისეთივე სავალდებულო იყო, როგორც დღეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების დასწრებაა აუცილებელი ქოცების მიტინგებზე…
მოგვიანებით, უკვე ზრდასრულები პარტიაში მისაღებად ვემზადებოდით. ცხადია, კომუნისტების დროს პარტიულობა აუცილებელი არ ყოფილა, თუმცა უპარტიო ადამიანი თანამდებობრივ კიბეზე გზას ვერასოდეს გაიკვალავდა. თუ რამე მატერიალურ სიკეთეს გინდოდა სწეოდი, პარტიის გარეშე ყველა მცდელობა ფუჭი იყო. ყველა სიკეთისკენ პარტია იყო შენი მეგზური, რადგან პარტია მუდამ ხალხის სამსახურში იდგა და მუდამ მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა. და ხალხს ამის მტკიცედ სჯეროდა. ერთი ახლობლის ძმას, რომელიც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მოწინავე მუშა იყო, დამკვრელური შრომისთვის (ესეც მაშინდელი ტერმინია) ჯილდოდ შესთავაზეს ორი ალტერნატივა – ლენინის ორდენი ან ბინა ახალაშენებულ კორპუსში, არჩევანი მას უნდა გაეკეთებინა. აბა, გამოიცანით რა არჩევანს გააკეთებდა იმ დროს ადამიანი, თანაც დაუფიქრებლად… „პარტია ჩვენი ეპოქის გონება, პატიოსნება და სინდისია“ – კი, იყო ასეთი ლოზუნგიც.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დიდი ბელადის გზით უნდა გვევლო, რადგან ეს იყო ერთადერთი სწორი გზა; მისი ანდერძით უნდა გვეხელმძღვანელა, რადგან ლენინმა დაგვიბარა – „სწავლა, სწავლა და სწავლა“; რომ მხოლოდ ეს გზა გადაგვარჩენდა და გვიხსნიდა ყოველგვარი დასავლური გარყვნილებისგან; რომ მისი იდეები დიადი და მარადიული იყო, რადგან „ლენინი ცოცხლობდა, ლენინი ცოცხლობს და ლენინი იცოცხლებს მარად“. ხალხის მტერი იყო ყველა, ვინც პარტიას, შესაბამისად ლენინს უღალატებდა. ასე ხდებოდა ახალი საბჭოთა ადამიანის გამოჭედვა.
ასე იდგამდა ჩვენში ფესვს კერპის თაყვანისცემა, კერპის, რომელსაც ბოროტების გარდა, არაფერი მოუტანია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამ იდეოლოგიით ვიზრდებოდით მაშინ და ასე ღრმა ფესვები ჰქონდა ჩვენში დიდი ბელადის თაყვანისცემისა და გაკერპების იდეას.
საბჭოთა პროპაგანდის მიზანი იყო, რომ ადამიანს უბრალოდ აღარ ეაზროვნა, მას არ უნდა ჰქონოდა საკუთარი იდეა, აზრი, ფიქრი. ან რა საჭირო იყო ზედმეტი იდეებით თავის ატკივება, როცა, რაც საჭირო იყო, დიდმა ბელადმა ყველაფერი უკვე გვიანდერძა. როცა ამ პროპაგანდის მსხვერპლად იქცევი და ამ ყველაფერს დაიჯერებ, კარგავ ყველაზე მთავარ უფლებას – უფლებას, ეჭვი შეიტანო მის უცთომელობაში. და როცა ეჭვის უფლება გერთმევა, იქვე გერთმევა თავისუფლებაც, ვინაიდან ჭეშმარიტი თავისუფლება სწორედ ეჭვის შეტანასა და შეკითხვების დასმას გულისხმობს.
საბჭოთა პროპაგანდის მიერ შემოგდებული ეს ხატი პირდაპირი გზა იყო ჩვენი დამონებისკენ. კერპზე უარის თქმა კი ნიშნავს გამბედაობას – დადგე სამყაროს პირისპირ, საკუთარი თავისუფლებითა და პასუხისმგებლობით.
დღეს, როცა ჩემი პატარა დისშვილი გაოცებული მეუბნება, რომ ტელევიზორში დიქტორმა შეცდომა დაუშვა და ლენონის ნაცვლად ლენინი წარმოთქვა, ვგრძნობ, რომ უკვე ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ჩემი ფიქრით, სწორედ მაშინდელი მემკვიდრეობაა ის, რომ დღესაც მესიებს ვეძებთ და ხან ზვიადისგან ველოდებით საშველს, ხან ედუარდისგან, ხან მიშასგან და ხანაც ბიძინასგან. ვერანაირი მესია ჩვენს ქვეყანას ვერ იხსნის, თუ თითოეულმა თითო აგური არ დავდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საქმეში…
თითო აგური, ყველამ თითო…
წვეთი ქვას ხვრეტს…
დაგვიანებული ბოდიში დედას
რუსული მახე: ჩვენი ღირსება ჩვენსავე წინააღმდეგ
რუსული მახე: რატომ შევიძულეთ მეზობელი
რუსული მახე: საბჭოური დიფ-სტეიტი