ცოტა ხნის წინათ ერთი ჩემი ახლობლის ოჯახში ასეთ სცენას შევესწარი: თინეიჯერი ბიჭი ბებიას ეუბნებოდა, რომ სომეხი გოგო მოსწონდა. ბებია სახეზე წამოჭარხლებულიყო და ბრაზს ვერ მალავდა – რა სომეხი, ბაბუაშენს სძულდა სომხებიო. შვილიშვილი ამ სცენით, როგორც ჩანს, კარგად ერთობოდა და ბებიის გასაბრაზებლად ისევ თავისას აგრძელებდა…
მგონი, ბევრს გეცნობოდათ ეს დამოკიდებულება, განსაკუთრებით ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებს. მე პირადად დღემდე შემომრჩა მეგობარი, რომელიც სომხებს ისე არ ახსენებს, მათთვის შეურაცხმყოფელი ეპითეტი თუ არ დაურთო (კორექტულობას გამოვიჩენ და იმ ეპითეტს არ გავიმეორებ). ახლა ამ დამოკიდებულებაზე და მის ფესვებზე მინდა, ვისაუბრო, საბჭოეთის კიდევ ერთ დიდზე დიდ ბოროტებაზე…
საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც ამ ორი ქვეყნის მეზობლობა. იმის ფაქტებით დადასტურებას, რომ ჩვენ ისტორიულად არ გვყოლია უფრო დიდი მხარდამჭერი და უფრო ერთგული მეგობარი, ვიდრე სომეხი ხალხია, მე არ შევეჭიდები. არც იმაზე ვისაუბრებ, რა მდიდარი ისტორია და კულტურა ერგო ამ ერს მემკვიდრეობად. ამაზე სფეროს პროფესიონალები უკეთ ისაუბრებენ. მე სულ სხვა სათქმელით მოვედი.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ სამხრეთი კავკასიელების მეგობრობა რუსეთის დიდ იმპერიას ყელში ძვალივით გასჩხეროდა, დამონებული ქვეყნების მეგობრობა მას საფრთხეს უქადდა! დიდ საფრთხეს!
კრემლში კარგად იცოდნენ, რომ თავისუფალი, ერთიანი და სოლიდარული კავკასია იმპერიის დასასრულს ნიშნავდა. ჰოდა, იმპერიამ, რომელსაც მზაკვრობა და უნამუსობა ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი, ამ შემთხვევაში სრულიად ახალი ფანდი გამოიყენა და კიდევ ერთხელ წამოაგო მას გულუბრყვილო ადამიანების ბუნება. ჩვენ შორის მუდმივი უნდობლობისა და ფარული ქედმაღლობის თესლი ჩააგდეს.
თუ გსურს, მართო რეგიონი, სადაც უძველესი კულტურის ხალხები ცხოვრობს, მათ ერთმანეთის პატივისცემა უნდა წაართვა, დასცინო, შეურაცხყო. საბჭოთა პროპაგანდა ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ კავკასიური ერთობის იდეა დასაცინი გამხდარიყო. საჭიროება მოითხოვდა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები სამი ერთმანეთზე საინტერესო ხალხის – ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების – გათიშვას, მათ შორის შუღლის ჩამოგდებას. თუმცა შუღლის ჩამოგდებასაც მიზეზი სჭირდებოდა, და ამ მიზეზს ეს ქვეყნები მტერს არაფრით აძლევდნენ. მაშინ საერთო და დაუძინებელმა მტერმა, რომელიც მუდამ სხვისი ნაალაფარით მდიდრდებოდა, სხვა გზა გამონახა მათ წასაკიდებლად. ბინძური თამაში წამოიწყო. ამჯერად მან გადაწყვიტა, რომ რეგიონის ხალხებისთვის სხვადასხვა როლი მიენიჭებინა, რათა ერთს მეორეზე აღმატებულად ეგრძნო თავი და ამ აღმატებულობით ის მეორე დაეკნინებინა. ასე რომ, ამჯერად მისი იარაღი ბულინგი იყო. არ ვიცი, დამპყრობელმა რა ნიშნით გადაანაწილა როლები – ქართველს ბულერობა ერგო, ბულინგის მსხვერპლად კი – სომეხი ხალხი შეირჩა. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყოთ, ჩვენც მშვენივრად მოვირგეთ და შევიფერეთ ბულერობა, მსხვერპლობას ეს ნამდვილად სჯობდა. დაშლილი და ერთმანეთისგან გათიშული ერები კი საბჭოეთის ლუკმა უნდა გამხდარიყო.
მეტსაც ვიტყვი, საბჭოეთმა მარტო მეზობელი კი არა, ქვეყნის შიგნით კუთხური ბულინგის გაღვივებისთვისაც დიდი ძალისხმევა გაიღო. თან ეს ისე ეშმაკურად გააკეთა, რომ ბულინგი ამ კუთხეების ავთენტურ მახასიათებლებს დააშენა, რომ ის უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. მსგავსი ეთნიკურ ბულინგის მსხვერპლი ბევრი კუთხე თუ ერი ახსოვს ისტორიას.
ასე ნელ–ნელა შემოგვაპარეს ყოველდღიურობაში სომეხი ერის შეურაცხმყოფელი ნარატივები, ამიტომ გახშირდა ანეკდოტები, რომლებიც სომეხ ხალხს აკნინებდა; ამიტომ იმატა ყოველდღიურ ყოფაში ეთნიკურმა ბულინგმა, ამაზე შეფარული პედალირება მახვილი თვალისთვის ფილმებიდანაც აშკარა იყო.
არადა, იშვიათად მოიძევება უფრო გონიერი და თანმიმდევრული ერი, რომელსაც უკეთ შეეძლოს თავისი მოძმის გატანა და მხარდაჭერა. ერთმანეთის მხარდაჭერით დაიმკვიდრა ამ ერმა ადგილი სხვადასხვა ქვეყანაში და ყველგან, სადაც კი წავიდა, შექმნა უნიკალური, ეროვნული ნიშნით აღბეჭდილი ძლიერი დიასპორა. სწორედ თანამოძმის გატანა, ხელის გამართვა და თანადგომა უნარჩუნებდა ამ ერს იდენტობას. შვილებს, ათწლეულობით ემიგრაციაში მყოფებსაც კი არასოდეს დავიწყებიათ საკუთარი ენა და მოძმის სიყვარული. მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ისინი კავკასიის რეგიონში მოწინავე ქვეყნად ჩამოყალიბდნენ.
საბოლოოდ ეს ორი ერი ისე გადაჰკიდეს ერთმანეთს, რომ ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებს დღემდე ინერციით მოჰყვებათ ეს უსაფუძვლო ქედმაღლობა და სომეხ ხალხზე აღმატებულის პოზიციიდან საუბარი. მათთვის არც ოჯახში ეთნიკური სიწმინდის შენარჩუნების მცდელობაა უცხო, ვინძლო ჯიშში უცხოტომელი არ გამოგვერიოსო. სინამდვილეში კი, იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ჯერ საკუთარ კომპლექსებსა და წარსულის პროპაგანდისტულ ნარჩენებს უნდა გავუსწოროთ თვალი.
დღეს, როცა წარსულისკენ გამირბის მზერა, ვხვდები, რამდენად მწარედ ვიმკით ამ იზოლაციის შედეგებს და იმასაც კარგად ვხედავ, რამდენად შეცვალა დრომ რეალობა ჩვენს საზიანოდ.
თუმცა დღეს სომხეთში სიმართლემ გაიმარჯვა, დაემხო კიდევ ერთი ბოროტების კერა, აინთო კიდევ ერთი სიკეთის შუქურა. ახლა ფეისბუქზე ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოების ყიჟინია. ამის საპირწონედ კონსერვატორები ვიშვიშებენ, რომ არჩევნების ასეთი შედეგი ოპოზიციაზე ზეწოლის შედეგია. ფაქტი კი ის არის, რომ დღეს სომეხმა ძმებმა თავიანთ ქვეყანაში ბოროტება დაამარცხეს.
მე კი ის ვიცი, რომ მეზობლის წარმატება ჩვენი მარცხი კი არ არის, არამედ შესაძლებლობაა. და რაც მეტი დემოკრატიის თუნდაც სულ პატარა შუქურა აინთება ჩვენს სამეზობლოში, მით გაიზრდება ჩვენი შანსიც, რომ ოდესმე ბოროტებას ჩვენც დავამარცხებთ…
წინ, სომეხო ძმებო!
ჩვენც უთუოდ წამოგეწევით!