გიორგი მელაძე
ქართული საზოგადოების ურთიერთობა კანონთან ყოველთვის უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე ინსტიტუტებისა თუ კანონმდებლობის არქიტექტურაში ჩანს. კონსტიტუცია, სასამართლო, პოლიციის ინსტიტუტი, მარეგულირებელი სააგენტოები მჭიდროდ თანაარსებობენ სოციალური ორგანიზების ისეთ სისტემასთან, როგორებიცაა ოჯახური ვალდებულებები, არაფორმალური შეთანხმებები, რეპუტაცია, პრობლემის ოფიციალური არხების გვერდის ავლით მოგვარება.
ეს არაფორმალურობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ პრობლემად განიხილება, რომელსაც თავისებური გავლენა აქვს საჯარო ინსტიტუტებზე, კორუფციის ინდექსზე, კანონის სელექციურ გამოყენებაზე. არაფორმალური კულტურა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და კარგად ჩანს კინოში, თეატრში, ლიტერატურასა თუ კომედიაში. პოპკულტურა არამარტო ირეკლავს არსებულ სოციალურ პრაქტიკას, არამედ ქმნის პერსონაჟებს, ენას და ცნობად მორალურ კოდექსებს. ის ასწავლის მაყურებელს ვინ არის ჭკვიანი, ვინ მიამიტი. ვინ იმსახურებს პატივისცემას და რა სტრატეგია ამართლებს სინამდვილეში.
ზემოაღნიშნული ყველაზე კარგად ჩანს ბოლო დროის პოპულარულ სერიალში “ჩვენც გევიმართებით”. სერიალი, რომელიც პატარა, პროვინციული ქალაქის საშუალოსტატისტიკური მცხოვრებლების ყოველდღიურობას მოგვითხრობს, კარგად ასახავს ქვეყნის დღევანდელ ვითარებას. სერიალის ერთ–ერთი მთავარი ხაზი მიჰყვება ჭიათურელ ახალგაზრდებს, ტოპეს და ტანჯულას, რომლებიც ცდილობენ გადარჩნენ ჭიათურაში, ქალაქში რომელიც სერაილში ხასიათდება სოციალური სტაგნაციით, ეკონომიკური დაქვეითებით და შეზღუდული შესაძლებლობებით.
ვინ არიან ტოპე და ტანჯულა? ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ფული, აღიარება, სტატუსი, ავტორირეტი და რეპუტაცია, თუმცა აკლიათ მთავარი: განათლება და შრომის სურვილი. მათ არ აქვთ კაპიტალი, პროფესიული უნარები და მათივე წარმოდგენით, წარმატებისკენ გზა ქუჩაზე გადის.
პირველად ისინი საკუთარ ოჯახებს პარავენ, სძალავენ თანხას მათზე უმცროსებსა და სუსტებს, ჭამენ რესტორნებში გადახდის გარეშე და იმდენად შემაწუხებლები არიან, რომ ტაქსის მძღოლები ხშირად თმობენ მცირე სარგებელს ოღონდ თავიდან მოიშორონ ისინი. მოიხმარენ ნარკოტიკებს, პროვიცირებას უწევენ და ებმებიან ქუჩის ჩხუბებში.
სერიალში ადგილობრივი, უფროსი კრიმინალები მასწავლებლებსა და ავტორიტეტულ ფიგურებს შორის პოზიციას იკავებენ. ტოპესა და ტანჯულას სამყაროში სასარგებლო ცოდნად არა განათლება, არამედ, სიტუაციის სწორად წაკითხვა, დაშინება, გამოძალვა, გადასახადისგან თავის არიდება მიიჩნევა.
“ჩვენც გევიმართებით”-ს ყველაზე მრავლისმთქმელი თვისება, შესაძლოა, კანონის არარსებობა იყოს. პერსონაჟები არაერთხელ აწყდებიან ფინანსურ სირთულეებს, მუქარას, დამცირებას, კონფლიქტს, თუმცა ფორმალური ინსტიტუტები იშვიათად შემოდის სცენაზე. აქ პრობლემები მეგობრების, დაშინების, მოტყუების, იმპროვიზაციისა თუ ქუჩური ცოდნის მეშვეობით გვარდება.
პატრიცია ევიკისა და სუზან სილბის ნაშრომი “The Common Place of Law” სამართლებრივ ცნობიერებაზე ადამიანისა და კანონმდებლობის ურთიერთდამოკიდებულების სამ მოდელზე გვიყვება: ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ თავი „კანონმორჩილებად“ (დაემორჩილონ კანონის მითითებებს), „კანონის მომხმარებლებად“ (წესებისადმი სტრატეგიული მიდგომით იმუშაონ კანონის პრაგმატულად გამოყენების მიზნით) ან „კანონთან დაპირისპირებულებად“ (სამართლებრივი ძალაუფლებისთვის გვერდის ავლითა და წინააღმდეგობით). თუმცა სერიალში სამართალი არათუ მტრად აღიქმება, არამედ, საერთოდ არ ჩანს. ტოპე და ტანჯულა ცხოვრობენ სამყაროში, სადაც კანონი ალტერნატიული, ნორმატიული წესრიგითაა ჩანაცვლებული, რომელიც უკანონობაში არ უნდა აგვერიოს.
ქუჩასაც აქვს წესები
ელია ანდერსონის “ქუჩის კოდექსი” აღწერს ფილადელფიის რეალობას, გარემოს სადაც რეპუტაცია, სიმტკიცე, ერთგულება და შურისძიება შესაძლოა სოციალური კაპიტალის ფორმები გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფორმალური ინსტიტუტები უუნაროა.
ჭიათურა ფილადელფიის ურბანული გარემო არ არის, თუმცა ტოპეს და ტანჯულას ქცევა ზემოთნახსენებ კონტექსტში კარგად ჯდება. ისინი არ არიან ანარქიული პერსონაჟები, უბრალოდ, მოქმედებენ განსხვავებული ნორმების მიხედვით, სადაც მეგობრობას, რეპუტაციას, ერთგულებას, სიმამაცეს, დამცირების თავიდან აცილებასა და ქუჩის ინტელექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სადაც გამოცდილი კრიმინალებისგან მიღებული ცოდნა ავტორიტეტის მოხვეჭის წინაპირობაა და ეს ალტერნატიულ, სოციალურ კაპიტალს ქმნის.
მაგალითად, ტაქსის მძღოლსა თუ რესტორანს ლეგიტიმური უფლება აქვთ, გაწეული მომსახურებისა და სერვისის სანაცვლოდ, თანხა მოითხოვოს, თუმცა სერიალის კომიკურ ლოგიკაში, ცენტრალური კითხვაა, შეძლებენ თუ არა ტოპე და ტანჯულა გადახდისგან თავის დაღწევას და ეს პროცესი მოხერხებულობის გასართობი დემონსტრირებაა, სადაც ფორმალური ნორმა არ ქრება – არამედ, მნიშვნელობას კარგავს.
“ჩვენც გევიმართებით”-ს”დადანაშაულება კრიმინალის განდიდებაში მარტივი იქნებოდა, თუმცა კომედია უფრო რთული მოვლენაა ვიდრე პროპაგანდა. აქ იუმორის დიდი ნაწილი სწორედ იმ უფსკრულზე მოდის, რაც ტოპესა და ტანჯულას ამბიციებსა და მათ რეალურ მდგომარეობას შორის არსებობს. ისინი სიმდიდრეზე ოცნებობენ და ღარიბებად რჩებიან, პატივისცემას ეძებენ და სასაცილო მდგომარეობაში ცვივდებიან, თავი ქუჩის ავტორიტეტები ჰგონიათ და წვრილმან თაღლითობაზე, ოჯახიდან პარვასა და იმ ადამიანების წყალობაზე არიან დამოკიდებულები, რომლებსაც მათი თავიდან მოშორება სურთ. პროვინციული მეტყველება და მკვეთრი კილო კი უკეთ წარმოაჩენს სურვილსა და რეალობას შორის არსებულ უფსკრულს. კომედია, როგორც სოციალური კრიტიკა, მაყურებელს აფრთხილებს, არ დაემსგავსნონ ტოპესა და ტანჯულას.
მარცხის რომანტიკული მიმზიდველობა
სერიალის ერთ–ერთი მთავარი კითხვაა, თუ რა ემართებათ პერსონაჟებს რომლებიც უკანონოდ იქცევიან? ჯილდოვდებიან? მცირდებიან? აღწევენ აღიარებასა და სიმდიდრეს? რაზე იცინის მაყურებელი, გმირებზე თუ მათთან ერთად?
მიუხედავად იმისა, რომ ტოპე და ტანჯულა წარუმატებელი და საბრალო ფიგურები არიან, სერიალი მათ სამყაროს, ამავდროულად, მიმზიდველსაც ხდის. ქუჩა თავგადასავალს შობს – სტაბილური სამსახური – არა. არაფორმალურობა შობს მეგობრობას, იმპროვიზაციას, რისკს, კომედიას, ფორმალურობა მოსაწყენია. ტოპეს და ტანჯულას უპასუხისმგებლობა გასართობი ხდება, ნარკოტიკები, წვრილმანი ხულიგნობა, აფერები და ჩხუბი კი მათი სოციალური მდგომარეობისა და სამყაროს შემადგენელი ნაწილია და არა მარცხი. პოპკულტურაში დანაშაული იშვიათადაა საინტერესო უბრალო კანონდარღვევის გამო. ის კულტურულ მნიშვნელობას იძენს იუმორის, აზარტის, მასკულინობის, საფრთხისა და წინააღმდეგობის მეშვეობით.
ტოპეს და ტანჯულას მცირე ფორმალური ძალაუფლება აქვთ, მაგრამ ქუჩის კულტურა მათ იდენტობას აძლევს: არ აქვთ ფული, მაგრამ აქვთ ისტორიები, მარცხის მიუხედავად, არიან გაბედულები და და სოციალურად მარგინალიზებულობის მიუხედავად, ჭიათურაში ისე დადიან, თითქოს მათ ეკუთვნოდეთ მთელი ქალაქი. სწორედ ეს მარგინალიზებულობა შობს იმ ქარიზმას, რაც სერიალს პოპულარულს ხდის.
ჭიათურის ფენომენი სერიალში
ჭიათურა სერიალში მხოლოდ კოლორიტული აქცენტების მისაცემად არაა არჩეული. პროვინციული ქალაქი იმ სოციალურ გარემოს წარმოაჩენს, რომელიც მთავარი პერსონაჟების არჩევანის ახსნას ცდილობს. სიღარიბე მექანიკურად დანაშაულს არ წარმოშობს და არც ტოპესა და ტანჯულას განხილვა შეიძლება პატარა ქალაქეების ახალგაზრდების ზოგად სახედ, თუმცა სერიალის სამყარო ხაზს უსვამს სოციალურ პრობლემას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებისთვის დასაქმება არამიმზიდველი ან მიუწვდომელია, ემიგრაცია გამოსავლად რჩება და საზოგადოებრივი ცხოვრება სხვა ალტერნატივას არ გვთავაზობს.
ასეთ გარემოში ქუჩა როგორც ფიზიკური, ასევე წარმოსახვითი ინსტიტუტი ხდება, რომელიც იერარქიას, კუთვნილებას, აღიარებასა და წესებს წარმოშობს. მთავარი გმირების აღტაცება ადგილობრივი კრიმინალებით არა მათი კრიმინალური ისტორიების, არამედ პრაქტიკული ცოდნის მატარებლობითაა გამოწვეული, რადგან მათ იციან როგორ მუშაობს სამყარო და აქვთ ის ავტორიტეტი, რასაც ტოპე და ტანჯულა ეძებენ. სერიალში კრიმინალური ფიგურები მასწავლებლებს, პროფესიონალებს, მწწარმეებს, საჯარო მოხლეეებს უწევენ კონკურენციას.
არ არიან ბოროტმოქმედები, თუმცა ცოტაა ალტერნატივა
‘ჩვენც გევიმართებით” არ არის მანიფესტი კანონის წინააღმდეგ. მისი ავტორები კომედიას ქმნიან და არა პოლიტიკურ პროგრამას. ტოპე და ტანჯულა კომიკური გმირები არიან რადგან მათი გარემო, ამბიციები და ქცევა იუმორის მასალას იძლევა.
მთავარი პერსონაჟების ქუჩური ცხოვრება რომ ისეთ პერსონაჟებს დაპირისპირებოდა, რომლებმაც აღიარებას განათლებით, შრომით, მეწარმეობითა თუ სამოქალაქო ჩართულობით მიაღწიეს, სერიალი უფრო მკაფიო ზღვარს გვაჩვენებდა მარცხსა და შესაძლებლობებს შორის, თუმცა ავტორები რეალობას ალტერნატიულ მოდელთან დაპირისპირების გარეშე გვაჩვენებს.
ტოპე და ტანჯულა ვერ ვითარდებიან, ვერ მიდიან წინ, თუმცა არც ალტერნატიული გზაა ნაჩვენები. სწორედ ესაა სერიალის ყველაზე მრავლისმთქმელი თვისება. მთავარი პერსონაჟები ერთდროულად არიან დაცინვისა და რომანტიზების საგნები. ისინი არიან უპასუხისმგებლოები, უპატიოსნოები და სოციალურად წარუმატებლები, თუმცა, ამავდროულად ერთგულებას, ენერგიულობას, მოხერხებულობასა და ტრადიციული ნორმებისაგან თავისუფლებას გვაჩვენებენ. მათი ცხოვრება ტრაგიკულია, მაგრამ არა მოსაწყენი. ზოგადად, ძნელად თუ გავიხსენებთ ქართულ კულტურულ პროდუქტს, რომელიც ალტერნატივას გვიჩვენებს, წარმატებულ სცენას ქმნის ტოპესა და ტანჯულას სამყაროს მიღმა, მაგრამ ამაზე ცალკეა დასაწერი.
ტოპესა და ტანჯულას სამყარო არაფორმალურობის მნიშვნელობას ქართულ ყოველდღიურობაში, როგორც სოციალურ ფენომენს, კარგად უსვამს ხაზს. ჩვენს საზოგადოებაში ხომ ხშირად აკრიტიკებენ არაფორმალურ მიდგომას, მაგრამ პრაქტიკაში იყენებენ. საჯაროდ გმობენ პირად კავშირებს და მოგვიწოდებენ, რომ წესი ყველასთვის ერთია, თუმცა გამონაკლისებს ინდივიდუალურად ეძებენ. ქუჩის კულტურას დასცინიან, თუმცა სიმტკიცე და მოხერხებულობა კვლავ იწვევს აღფრთოვანებას.
“ჩვენც გევიმართებით” კარგად წარმოაჩენს ორმაგ სტანდარდტებს იუმორის ჭრილში. ტოპე და ტანჯულა არ გვთავაზობენ გმირულ ამბოხს უსამართლო სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ და არც მორალურ იგავს დანაშაულის შედეგებზე. ისინი სახლობენ მათ შორის არსებულ არაკომფორტულ ტერიტორიაზე, საზოგადოებაში, სადაც ფორმალური წესები არსებობს, მაგრამ არ გამოიყენება ყოველდღიურობაში, სადაც ქუჩური წარმატება თანაარსებობს სოციალურ მარცხთან, სადაც არაფრომალურობაზე სიცილი ხელს არ უშლის პოპულარულ კულტურას, შეუნარჩუნოს მას სიცოცხლისუნარიანობა.