უცნობი ფოტოები, რომლებზეც 90-იანი წლების თბილისია ასახული

გაბრიელ ჩუბინიძე

საკუთარი სახელმწიფოს ისტორიას ალბათ არცერთ ევროპულ ქვეყანაში ისე უდიერად არ ექცევიან, როგორც საქართველოში. სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლი რომ დავივიწყოთ, 1990-იანი წლებიდან დღემდე დაიკარგა ან განადგურდა სხვადასხვა არქივი, როგორც ტექნიკური, ისევე ვიზუალური თუ სხვა ტიპის.

მაგალითად – ხმის ჩამწერი სტუდია „მელოდიას“ უნიკალური არქივი, რომელშიც დაცული იყო ალბათ ასიათასობით მუსიკალური ნაწარმოები, 2000-იანი წლების შუა ხანებში უბრალოდ ნაგავში გადაიყარა. მსგავსი ბედი გაიზიარა თითქმის ყველა დარგმა, გამონაკლისი არც ფოტოარქივი იყო.

სხვადასხვა საბჭოთა გაზეთის ფოტოარქივები უბრალოდ გამქრალია. დღეისთვის საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია ძირითადად „საქინფორმის“ მიერ გადაღებული მასალები, ისიც მხოლოდ ნაწილი. ფაქტობრივად, საქართველოს უახლოესი ისტორიის ვიზუალური მასალის ძალიან მცირე ნაწილია ცნობილი.

სამაგიეროდ, პერიოდულად სხვადასხვა მეორეულ ბაზრობაზე გასაყიდად გამოაქვთ უცნობი ფოტოგრაფების პირადი არქივები – რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთს გადავაწყდი.

გასაყიდად გამოტანილი იყო იდეალურად შენახული 100-მდე ფირის ნეგატივი. მათ უმრავლესობას ზედ ფოტოგრაფის მიერ მიწერილი ფირების შინაარსის აღწერაც ერთვოდა, რაც იძლეოდა ვარაუდს, რომ ეს არ იყო მოყვარული ფოტოგრაფის გადაღებული.

ფირების უმეტესობა გადაღებული იყო 1970-80-იან წლებში და ძირითადად ასახული იყო ხალხი საბჭოთა სიმბოლიკებით – აშკარა იყო, რომ ეს იყო გარკვეული დღესასწაული. სამაგიეროდ, ყურადღება მიიქცია მინაწერმა „Январ 1992“. რა უნდა ყოფილიყო შიგნით, თუ არა  დანგრეული რუსთაველის გამზირი? მართლაც, შიგნით სამხედრო გადატრიალების კადრები აღმოჩნდა – მათი ნაწილი უმალვე შევიძინე.

ფოტოების სკანირების შემდეგ (თუმცაღა ამას ნეგატივებზე ყურებითაც მივხვდი) დავრწმუნდი, რომ აღმოვაჩინე პატარა „განძი“ – უნიკალური და სრულიად უცნობი ფოტოები. მათი მცირე ნაწილი, სულ 80 ფოტო, განვათავსე ჩემს ფეისბუქგვერდზე, რომელსაც სულ რამდენიმე საათში ათასობით ნახვა ჰქონდა.

საინტერესო იყო ხალხის რეაქცია. ზოგს არ სჯეროდა, რომ რუსთაველის გამზირი ომის შემდეგ სრულად დანგრეული იყო; ზოგმა, ფოტოებში საკუთარი თავი იპოვა, ზოგმაც საკუთარი დანგრეული ბინა. გაიხსენეს ომს შეწირული მეზობლები, რომლებმაც ვერ გაასწრეს ტერიტორიიდან და ა.შ.  საზოგადოების გამოხმაურება, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ეროვნული ტრაგედიის დღეების ტრავმა ბევრისთვის დღემდე ცოცხალია და ხალხს გაცილებით მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე სახელმწიფოს და არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი წესრიგი ამის საშუალებას იძლევა.

გამოხმაურება საინტერესო იყო ფოტოგრაფიული კუთხითაც – აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სახლში უდევს მრავალი ფირის ნეგატივი და ითხოვს მის სკანირებაში დახმარებას, და საქართველოში წარსულის ფოტო-ვიდეო მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. როგორც არ უნდა იყოს, მოცემულ თემაზე ძალიან ბევრია სამუშაო და ეს ვერ მოხდება ცალკე აღებული ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც უკიდურესად შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

ჩემ მიერ ნაპოვნი და გამოქვეყნებული ფოტოების უმრავლესობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცაღა მნიშვნელოვანი სხვადასხვა გაგებითა და კრიტერიუმით, მაშ ასე:

რა შეიძლება იყოს იმაზე სიმბოლური, ვიდრე ილიასა და აკაკის ძეგლი, განადგურებული და დაცხრილული შენობების ფონზე?

საქართველოს ეროვნული დროშა, ამაყად დამონტაჟებული, განადგურებული პარლამენტის შენობის წინ.

როგორც ირკვევა, სწორედ ფოტოზე გამოსახულ კაბინეტში მუშაობდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ყველაზე მძიმე დაზიანებები შენობას სწორედ მის გარშემო აქვს მიღებული – ლოგიკურია რატომაც.

ამ სურათზე ფოტოგრაფი არ ცდილობს, გადაიღოს მხოლოდ ომის შედეგები, არამედ მისი მიზანია, შექმნას საინტერესო ფოტოკომპოზიცია. ფაქტობრივად, ფოტოს ოთხი სიღრმე აქვს: 1) წინა პლანზე, ზურგით მდგარი მამაკაცი; 2) ერთ ხაზში მდგომი ადამიანები; 3) საქართველოს დროშა; 4) პარლამენტის შენობა.

ფოტოგრაფმა მრავალი ფოტო გადაუღო „მხატვრის სახლს“. არადა, მისი ფოტოები ინტერნეტში თითქმის არ არსებობდა. სამწუხაროდ, შენობა ომის შემდგომ რეაბილიტაციას შეეწირა და აღარ არსებობს.

ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ეს უნდა იყოს ან 1992-1993 წლების 9 აპრილი.

ყველაზე მეტად ამ ფოტოზე მომწონს სიმბოლურობა  – 9 აპრილის ეროვნული ტრაგედიის (და ამავდროულად ქართველთა გამარჯვების, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე) აღნიშვნა დამწვარი შენობების ფონზე.

ნეტა, ვინმე თუ იფიქრებდა, რომ 1989 წლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში თბილისში ძმათა-მკვლელი ომი გაჩაღდებოდა.

მართალია, 1992 წელს დაბადებული არც ვიყავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცივი ზამთარი. მოცემული ფოტოდან ეს ყველაზე კარგად შეიგრძნობა.

ფოტოების გასაჯაროებიდან მალევე პოსტზე მრავალმა ადამიანმა დააკომენტარა და გააზიარა სხვადასხვა ისტორია თუ აზრი. მათ შორის იყო თემურ გვასალია, რომელმაც 1992 წლის იანვარში ეს კადრი გადაიღო. ერთი შეხედვით ვიფიქრებდი, რომ ეს ბრძოლების შემდგომი სტალინგრადია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს თბილისია.

თბილისში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მოსახლეობა რუსთაველის გამზირის დასათვალიერებლად გაეშურა. მალევე ეს დღე ისტორიაში შევიდა როგორც „კიტოვანის გამოფენა“. ამ „ნივას“ არ გაუმართლა, მას, სავარაუდოდ, მძიმე ტექნიკამ გადაუარა, სამაგიეროდ, „გამოფენას“ საინტერესო ექსპოზიცია შეემატა.

პარლამენტის შიდა ეზო.

სასტუმრო „მაჯესტიკი“, შემდგომში სასტუმრო „თბილისი“ და ის, რაც ბრძოლების შემდგომ მისგან დარჩა.

ფეისბუქის მომხმარებელმა, ილია ცხომელიძემ მოცემულ ფოტოზე ასეთი კომენტარი დაწერა:

„ეს შევჩენკოს ქუჩაა, ბებიაჩემის და ბაბილინა ცხოვრობდა ბოლო შენობაში, მესამე სართულზე, მისი აივანი ჩანს კადრში. უგზო-უკვლოდ დაიკარგა მაშინ. იმ პერიოდში იქ ვტრიალებდი, თავიდან ორჯერ შევედი მასთან ბინაში და არ წამომყვა. მერე უკვე ისეთი სროლები იყო… პირდაპირ რომ ჩანს, იმ სახლის კუთხეში ვიდექი და ქუჩა ვერ გადავჭერი, შემეშინდა. მეორე დღეს ის სახლი უკვე დამწვარი იყო. ძალიან მძიმე კადრებია“.

მალევე მას ფეისბუქმომხმარებელმა ქართლოს პაპუაშვილმა უპასუხა:

„ვაიმე ცხონებული ბაბილინა, აპოლონი ერქვა მეუღლეს… ჩვენს თავზე ცხოვრებდა, ჩვენ მეორეზე ვცხოვრობდით… მახსოვს ეს დღეები, რამხელა პანიკა იყო, ვერავინ გაეკარა! ტყვიების წვიმა იყო და არა მარტო ტყვიების… ვერ გამოვიყვანეთ ცხონებული“.

ყოფილი ე.წ. კავშირგაბმულობის შენობა. ომის შემდგომ ყველაფერი ისე აღადგინეს, თითქოს არც ომი ყოფილა და არც სამხედრო გადატრიალება. რუსთაველის გამზირიდან შეიარაღებული დაპირისპირების ყველა კვალი წაიშალა. ამ ფოტოს ნახვამდე ვერც კი დავიჯერებდი, რომ დღეს მდგარი შენობა ადრე თითქმის სრულად  იყო დანგრეული.

ჩემ მიერ მეორეულ ბაზრობაზე ნაყიდი ფირები ასობით და ათასობით ფოტოს შეიცავს. მის გასაჯაროებას კი გარკვეული ფინანსური და შრომითი რესურსი სჭირდება, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან ფოტოები ყველა დამთვალიერებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.