უცნობი ფოტოები | როგორ აღინიშნა 9 აპრილი 1992 წელს

გაბრიელ ჩუბინიძე

1992 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელებმა – თენგიზ კიტოვანმა, ედუარდ შევარდნაძემ და ჯაბა იოსელიანმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

მეორე დღეს, 10 აპრილს, მთავრობის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” 1992 წლის 9 აპრილის ცერემონია მხოლოდ ერთი სვეტით აღინიშნა. სტატიის ავტორი მკითხველს მოკლედ ახსენებდა სამი წლის წინ, ამავე ადგილზე დატრიალებულ ტრაგიკულ ისტორიას, ხოლო შემდგომ კი, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წინა დღის ცერემონიას აღწერდა.

  • 9
  • 22
  • 23
  • 7
  • 24
  • 01 /

სტატიაში არსად იყო ნახსენები ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ა.შ. ამავდროულად, არაფერი ეწერა 1991 წლის 9 აპრილის შესახებ – დღის, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი. თუმცა, 9 აპრილი არ არის მხოლოდ დიდი ტრაგედიის დღე – არამედ ის გამარჯვების სიმბოლოცაა. თითქოსდა ქართველმა ერმა დაამარცხა და გადალახა შიში იმპერიის მიმართ. ამ დღიდან პოლიტიკური პროცესი მკვეთრად რადიკალიზდა. იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც არ იზიარებდა ქართული ეროვნული მოძრაობის რადიკალურ პოლიტიკას და ითხოვდა უფრო ფრთხილ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, 9 აპრილი წყალგამყოფ დღედ, ხოლო კომუნისტური პარტია მარგინალურ ძალად იქცა.

მოვლენებიდან თითქმის 35 წელი გავიდა. დღემდე დაზუსტებით არაა ცნობილი, ვინ გასცა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის ბრძანება. დღეის გადმოსახედიდანაც კი, სრულად გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობდა მოსკოვი რუსთაველის გამზირზე ადამიანების სამხედრო ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით დახოცვით. მიზნის მიუხედავად, მოსკოვისთვის ძალიან მძიმე შედეგი დადგა – საქართველოს კომუნისტური პარტია არამხოლოდ მარგინალიზდა, არამედ სრულად დაკარგო კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე.

1989 წლის 9 აპრილმა შეცვალა არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ საქართველოს კომუნისტური პარტიაც, რომელიც იძულებული გახდა აჰყოლოდა მზარდ ეროვნულ მოძრაობას, გაეთავისებინა ეროვნული დისკურსი და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა წარსულის იდეოლოგიური ნარატივები. კომპარტიის ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში, გაზეთ „კომუნისტში” ერთი მეორის მიყოლებით იწერებოდა სტატიები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა პროპაგანდას. მაგალითად, 1989 წლის 24 მაისის სტატიაში „როგორ იწერებოდა ისტორია“, ავტორმა დაგმო საბჭოთა ისტორიოგრაფიის მთავარი პოსტულატი, რომელშიც ისტორია კლასობრივად განიხილებოდა. ავტორმა პოსტულატს დაუპირისპირა ეროვნული იდეა. იმავე წლის 25 მაისის ნომერში, ისტორიკოსმა დერმიშა გოგოლაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სრული პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინა. მან დაწერა, რომ იმჟამინდელ ხელისუფლებას, განსხვავებით საბჭოთა ხელისუფლებისგან – სრული პოლიტიკური ლეგიტიმაცია ჰქონდა.

9 აპრილის შემდგომი პროცესები სწრაფად განვითარდა: 1990 წლის 28 ოქტომბერს, რესპუბლიკაში  უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა – პირველი დემოკრატიული არჩევნები საბჭოთა საქართველოს ისტორიაში. არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტია დამარცხდა. გაიმარჯვა პარტიამ – „მრგვალი მაგიდა – დემოკრატიული საქართველო“. ამ პერიოდისთვის, ქართული ეროვნული მოძრაობა ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად იყო დაყოფილი (მთავარ მოწინააღმდეგე ძალას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” წარმოადგენდა). ედპ-მ ბოიკოტი გამოუცხადა უზენაესი საბჭოს არჩევნებს, რადგან მათი აზრით, საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობა საოკუპაციო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ტოლსწორი იყო – ითხოვდნენ რა ჯერ დამოუკიდებლობის მიღწევას და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევნების ჩატარებას.

1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა. საზოგადოებას უნდა ეპასუხა ერთადერთი შეკითხვისთვის „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ – რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის 98%-მა (გამოკლებით აფხაზებისა და ოსებისა, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს) შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიამ მთავრობის სახლში საზეიმო სიტყვა წაიკითხა: „სიმბოლურია დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“.  გამსახურდიამ 9 აპრილის ტრაგედია სიმბოლურად გარდაქმნა გამარჯვების დღედ, წარმოაჩინა ის როგორც მსხვერპლშეწირვა დამოუკიდებლობის მისაღწევად.

მიუხედავად საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, რესპუბლიკაში შიდაპოლიტიკური კრიზისი უფრო და უფრო მწვავდებოდა. ამას ერთოდა სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების დაგვიანება და საერთაშორისო აღიარების ვერმოპოვება. ზვიად გამსახურდია პირდაპირ პოლიტიკურ კონფრონტაციაში იყო შესული, როგორც ამერიკასთან ისე რუსეთთან. საბოლოოდ, 1991 წლის 21 დეკემბერს, მოსკოვის ფარული წაქეზებით, თბილისში სამხედრო გადატრიალება დაიწყო, რომელიც დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა და გამსახურდიასა და მინისტრთა კაბინეტის წევრების ემიგრაციით დასრულდა. გადატრიალებით დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც 2 წელს გაგრძელდა და მთელი დასავლეთ საქართველო მოიცვა.

გადატრიალების შედეგად, საქართველოს რესპუბლიკის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ ჯერ მმართველი რგოლი, სამხედრო საბჭო შექმნა (თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი), ხოლო ედუარდ შევარდნაძის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ორგანო სახელმწიფო საბჭოდ გადააკეთა. სამხედრო გადატრიალების უშუალო ავტორთაგან (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა) არცერთი იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, რომ აღარაფერი ითქვას ედუარდ შევარდნაძეზე. გამსახურდიასთან დაპირისპირებულმა პოლიტიკური პარტიებმა (მაგალითად, ედპ), რომელთა დიდი ნაწილი წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის აქტიურ ფრთას, სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ,  მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ედუარდ შევარდნაძე. 1992 წლის 9 აპრილი.
უცნობი ფოტოგრაფის არქივიდან. მფლობელი: გაბრიელ ჩუბინიძე.

თბილისში მომხდარი ტრაგედია მხოლოდ დასაწყისი იყო იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანური ტრაგედიებისა, რომლებიც საქართველოს წინ ელოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, რესპუბლიკის ეკონომიკა ყოველწლიურად მცირდებოდა, მხოლოდ 1985-1992 წლებში ქვეყნის საერთო შემოსავალი 34%-ით იყო შემცირებული. გადატრიალების შემდეგ კი, მხოლოდ 1992 წლის პირველ ნახევარში, წარმოების მოცულობა თითქმის განახევრდა, ხოლო ინფლაციამ და საცალო ფასების ზრდამ 664% შეადგინა. დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, გამეფდა უმუშევრობა, ქვეყანა დარჩა ელექტროენერგიის, გაზის, საჭმლისა და სასმლის გარეშე, შესაბამისად, უკიდურესად გაიზარდა კრიმინალი. საქართველო ჩამოყალიბდა როგორც „არშემდგარი სახელმწიფო” (failed state).

თბილისში არანაკლებ სისხლიანი გამოდგა იანვარ-თებერვალი. გამსახურდიას მომხრეები თბილისში მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მართავდნენ, რომლებსაც ახალი ხელისუფლება იარაღის გამოყენებით არბევდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის რამდენიმე ათეულს უნდა აღწევდეს. ამავდროულად, სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში აქტიურ ფაზაში გადადიოდა. ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელსაც, ფაქტობრივად, არძინბას სეპარატისტული მთავრობა მართავდა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიოდა თბილისის ეფექტური კონტროლის ზონიდან.

სწორედ ასეთ კონტექსტში, 1992 წლის 9 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია: გადამწვარი შენობების ფონზე, შეიარაღებული პირადი მცველებით სავსე…

ათობით პირადი მცველით გარშემორტყმული ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი მიერმართებიან მთავრობის სახლის წინ. 1992 წლის 9 აპრილი.
უცნობი ფოტოგრაფის არქივიდან. მფლობელი: გაბრიელ ჩუბინიძე.

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის” 10 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატია ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ ცდილობდა სახელმწიფო საბჭო ისტორიის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგზე მორგებას. როგორც უკვე ითქვა, სტატიაში არსადაა ნახსენები ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, 1992 წლის 9 აპრილი, თითქოსდა სიმბოლური დასასრული იმ ეროვნული გამოღვიძებისა, რომელიც სამი წლით ადრე დაიწყო. იმ დროისთვის, უკვე აღარავის ახსოვდა ის საერთო ეროვნული, მონოლითური ერთიანობა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. პოლიტიკურ ლიდერთა გამოუცდელობის, წინდაუხედაობის, უცოდინარობისა თუ უპასუხისმგებლობის გამო, საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფას განიცდიდა და ეს ჯერ კიდევ არ იყო უდიდესი პრობლემა… ახალდაბადებულ სახელმწიფოს მალე მთავარი გამოწვევა ელოდა – აფხაზეთის ომი.

სტატია მომზადებულია historyproject.ge-ისთვის. ვებგვერდი შექმნილია IDFI-ის მიერ და მისი მიზანია, გახადოს  საზოგადოება მეტად ინფორმირებული საბჭოთა წარსულისა და უახლესი ისტორიის შესახებ. ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ.