2026 წელი.
– ჟურნალისტი და საქმე არა ის. ფული და გრანტია უკან.
– კი, ძმაო. ეგენი ხომ ანტიქართველები არიან.
ეს არის ნაცნობი დიალოგი, რომელსაც ბოლო 2 წელია ვისმენთ სამთავრობო კაბინეტებიდან, პარლამენტიდან, ეკლესიების ამბიონიდან, პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან, ტროლებისგან, ბოტებისგან, მეზობლებისგან, ნათესავებისგან, ქოცებისგან.
და უკლებლივ ყველა მათგანი ტყუის, ან ტყუილს იჯერებს.
2019 წელი
გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის მიღებულია. საჯარო განცხადებაც დაწერილია.
დღეს მხოლოდ ჩვენი ნივთები უნდა ავიღოთ, კომპიუტერები გავასუფთაოთ, ოფისის ნივთები ჩავაბაროთ და „ლიბერალის“ ოფისი დროულად დავტოვოთ.
24 ივნისია, ცხელა და სუნთქვა ჭირს. მოღრუბლულია. ფანჯრიდან რუსთაველის ჭადრებს გავყურებ, თითქოს მთელმა ქალაქმა სუნთქვა შეიკრა, ფოთოლიც არ იძვრის. გაწვიმდება. ისეთი ჭირიანი დღეა, უთუოდ წვიმაში უნდა მოვყვე.
ჩემი ნატანჯი სამუშაო კომპიუტერი საბოლოოდ ჩავხურე და ველოდები სხვებს. ზოგიერთი უკვე წავიდა და ნაწილიღა შემოვრჩით. ძირითადად სიჩუმეა, რასაც ქუჩიდან მანქანებისა და რაღაც რახარუხის ხმა არღვევს, გვერდით ოთახში ზურა ვარდიაშვილს თავი მოუყრია ჟურნალისტების ჯილდოებისთვის, რომელსაც უცნაური ფორმის ჩანთაში ხმაურით ალაგებს.
ამ გულის გამაწვრილებელ წუთებში ბასტის იუმორის იმედი მაინც მაქვს. ის ფანჯარასთან დაღლილი სახით დგას და ჩუმადაა.
კიდევ ერთხელ დაგვაჩქარეს. ნათიამ მე აქ არაფერს ვტოვებო და მაგიდაზე დაკრულ სტიკერებსაც კი საგულდაგულოდ აფხეკს. კარის გამოხურვამდე ერთი მწარე „სელფიც“ გადავიღეთ და ამით მორჩა, დასრულდა „ლიბერალის“ ისტორია.
(ჩანაწერი გაკეთებულია მას შემდეგ, როცა მთელმა გუნდმა დატოვა „ლიბერალის“ რედაქცია. უფრო სწორად კი, რედაქციამ ფიზიკურად დატოვა რედაქციის კედლები).
2026 წელი
ეს იყო სევდიანი და მტკიცე, ერთსულოვანი გადაწყვეტილება. მახსოვს ის კრება, როდესაც რედაქტორები გამოწვევებზე გვესაუბრნენ. ჩვენ ბევრი არც გვისაუბრია. ვიცნობდით და საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდით ერთმანეთს.
„ლიბერალის“ დამფუძნებელი შორენა შავერდაშვილი სარედაქციო–მენეჯერულ საქმიანობას მისი შექმნიდან რამდენიმე წელიწადში გაემიჯნა. როგორც კი მედია–მენეჯერობას ჩამოშორდა, სახელისუფლებო წრეებს დაუახლოვდა და, საბოლოოდ, მათი ღია მხარდამჭერი გახდა. მისი წასვლის შემდეგ მედია მთლიანად იმართებოდა და ვითარდებოდა რედაქტორების მიერ.
ჩვენ, ჟურნალისტების ათკაციანი გუნდი ვმუშაობდით დღისითა და ღამით, დავდიოდით რეგიონებში, ვწერდით სოციალურ პრობლემებზე, მშრომელებზე, მევახშეობისგან დაზარალებულებზე, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე და სხვა ჩაგრულ ჯგუფებზე, განათლების სისტემაზე, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, უკანონო მშენებლობებზე და პარალელურად ყოველდღიურ ახალ ამბებს ვაშუქებდით, ვამხელდით ხელისუფლების კორუფციას, მათ უმოქმედობასა თუ უუნარობას. ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის დაცვა მხოლოდ ვალდებულება კი არა, ინსტინქტი და ღირსება გახლდათ და ამას ვერავის შევალახვინებდით.
ასე წავედით ბუნდოვანი მომავლისკენ ერთმანეთის იმედით და მილიონი ვალდებულებით – ზოგიერთის უკან შვილები იყო, ავადმყოფი დედა, ვიღაცას ბინის ქირა დარჩა გადაუხდელი, სხვებს – ბანკის სესხი. ანაზღაურება კი მაშინდელ საშუალო ხელფასზე დაბალი იყო. აქედან 5-6 თვეში შეიქმნა „პუბლიკა“, რომელმაც ბოლო წლებში, რეპრესიებისა და მუქარის ქვეშ, მიმდინარე ყველა ამბავი გააშუქა და ფაქტობრივად რეჟიმის ბოროტი სახე მთელი ქვეყნის, საერთაშორისო საზოგადოებისა და თავად „ოცნების“ წინაშე გააშიშვლა. მათაც ხომ სჭირდებათ დაინახონ, რამდენად სასტიკი არიან.
გამჭვირვალობის გეშინიათ? რატომ არ გსურთ დარეგისტრირება, თუ სუფთა ხართ? – აგენტების რუსული კანონის პროტესტისას, პროპაგანდამ ხალხში ჟურნალისტების რეპუტაციის შელახვა და მათ კეთილსინდისიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ამ სარკასტული კითხვებით სცადა. სოციალურ ქსელებში წამებში იწერებოდა ამ შინაარსის ათასობით კომენტარი. ტროლებისა და ბოტების არმია დღესასწაულებზეც კი არ ისვენებდა და ვირუსივით ავრცელებდა დეზინფორმაციას ხალხში. ამ ბრძოლაში ონლაინმედია ყოველთვის ღირსეული იყო, ცილისწამებაზე პასუხი კი საქმეზე ორიენტირებული, თავმდაბლური გახლდათ. არასდროს მსმენია, ვინმეს მოეყოლა, არსებობის მანძილზე რა გამოწვევები ჰქონდა და როგორ ცდილობდა თავის გადარჩენას ონლაინმედია, როგორ ცდილობდა თავის გატანასა და ფიზიკურად გადარჩენას ამ მედიებში დასაქმებული თითოეული ჟურნალისტი. შეეძლოთ, კერძო სექტორში წასულიყვნენ, ან უარესი – სამთავრობო უწყებების „პიარი“ გამხდარიყვნენ. შეეძლოთ აეშენებინათ კომფორტული და ეკონომიკურად მომგებიანი კარიერა. თუმცა, როცა სისტემამ მარწუხებს მოუჭირა, ფინანსურად გააღატაკა, ონლაინმედიის მენეჯერებს კი დაჭერითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მათ არ მიატოვეს თავიანთი პოზიცია და გაათმაგებული ენერგიით გააგრძელეს მუშაობა.
მედიის დევნა საქართველოში „აგენტების რუსული კანონით“ არ დაწყებულა. 2022 წელს მთავრობის მიერ მართულმა ფაშისტურმა დაჯგუფებებმა ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასიკვდილოდ გაიმეტა. მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, ორგანიზატორები კი არ დასჯილან, ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენის ქალაქის ქუჩებში, მათ იწვევენ ტელევიზიებსა და პოდკასტებში.
დიახ, ბატონებო, ესაა ნამდვილი გამჭვირვალობა.
2025 წელი, რეკონსტრუქცია
– შემოდი. როგორაა საქმე? რა გაირკვა ჟურნალისტების ამბავზე. გვაჩქარებენ, ხომ იცი?-
– 20 დღეა თავი არ აგვიღია. ყველაფერი გადავამოწმეთ. ყველა წელი, ყველა თვე, ყველა დონორი, ყველა ხელფასი. მთელმა განყოფილებამ იმუშავა…
– და?
– არსად არაფერი საეჭვო.
– მაინც არ მჯერა.
– უკვე მეოთხედ გადაამოწმა ჯგუფმა.
– მართლა ესაა მაგათი ხელფასი? – წინ დადებულ საქაღალდეს ფურცლავს. ცხრილს აყოლებს თითს.
– კი, საშუალოდ ყველას ერთნაირად, ოდნავი განსხვავებებია. პოზიციებისა და, ალბათ, გამოცდილების მიხედვით.
– არავინ „ტეხავს“? თავში, შუაში… ადმინისტრაციული ხარჯები? მივლინებები, რამე?
– აქ არის ყველაფერი. გადახედეთ, თქვენ თუ რამე მოგეჩვენებათ საეჭვოდ და გამოსადეგად, აქ ვართ, მაგრამ…
– უნდა იყოს, რამე ქენით, უკეთ მოქექეთ. ძაან გავწელეთ რა. გველოდებიან, ყველა დღე მირეკავენ. ვიღაცას მაინც შეეშლებოდა.
ეს სცენა გამოგონილია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების რომელიღაც განყოფილების რომელიღაც ოთახში მსგავსი საუბარი ნამდვილად შედგებოდა.
2019 წელი
ჩანაწერი გაკეთებულია 21 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ.
სპეცრაზმი „იმელის“ შენობასთან კარგა ხანი იდგა. მოულოდნელად სირბილით დაიძრნენ აქციის მონაწილეებისკენ და მეც გავიქეცი. დღეს ჟურნალისტები იყვნენ სამიზნე და ახლა ჩემი პრესბარათი ნამდვილად ვერ დამიცავდა, პირიქით, სჯობდა დამემალა ის.
გაზისგან თვალები მეწვოდა და კარგად ვერ ვხედავდი. დავეცი, მუხლი დავარტყი და დავიჟეჟე. მოუმზადებელი ვიყავი, ცუდი ფეხსაცმელი მეცვა. მეგონა ოფისში მოვასწრებდი ასვლას და ვერ შევძელი. არადა, მართლა 100 მეტრში იყო. გზიდან ტროტუარზე გადავედი. ხალხი გარბოდა. რუსთაველის 40-ში ჰოსტელი ყოფილა, აქამდე არასდროს შემინიშნავს. წამებში გადავწყვიტე, რომ ჰოსტელისთვის შემეფარებინა თავი. კარს მოვაწექი, დაკეტილი იყო. აივნიდან ვიღაც ბიჭმა გასაღები გადმომიგდო და კარი სასწრაფოდ გავაღე. მეორე სართულზე ავვარდი, ვიღაც უცხოელს შევუვარდი ოთახში. მისი აივანი რუსთაველს გადაჰყურებდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ იჯდა ეს უცხო კაცი საწოლის კიდეზე, გაფითრებული, გაძეგლებული. იმ წუთს ის საწყალი იმდენად სასაცილოდ მეჩვენა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. ჰოსტელში მომუშავე ბიჭები წყლის ბოთლებს ესროდნენ აქციის მონაწილეებს და ამხნევებდნენ. მე დავიწყე გადაღება, თან ყურადღებას არ ვადუნებდი, რომ თავში ქვა ან რამე სხვა საგანი არ მომხვედროდა.
როცა ქუჩა „გაწმინდეს“, ოფისში ავედი. ფანჯრიდან ვუყურებდი, კაფე „გალერისთან“ ჩამუხლულ სპეცრაზმელს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩის ჩაბნელებულ ჩიხში ვიღაცას დამიზნებით ესროდა. სიბრაზისა და სასოწარკვეთისგან ვკანკალებდი.
იმ დღეს მე, ნათია და ბასტი ვმუშაობდით. დაგვათენდა. მომხდარის გამო გონზე მოსვლა გვიჭირდა. ვიდეოები, „ნიუსები“, რაც შევძელით, დავდეთ. ახლა სახლში უნდა წავიდეთ, დილის მორიგეები იმუშავებენ. მოიცა, რაღას იმუშავებენ? ჩვენ ხომ უკვე განცხადება დავწერეთ და წამოვედით.
ამ ღამით მუშაობა აღარ გვევალებოდა. მაგრამ პროფესიულმა ინსტიქტმა არ გაგვიშვა – წასვლა აზრად არ მოვსლია.
ქვევით ვიდექით და ტაქსის გამოძახებას ვცდილობდით. მალევე გავიაზრეთ, რომ ყველაფერი გადაკეტილი იყო. ქუჩაში კანტიკუნტად ჩანდა ხალხი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ქუჩას ალაგებდნენ. სამყარო დაგვცინის – ამ ცოდვით სავსე ღამის მერე ასე მშვენიერი დილის დადგომა, სულ ცოტა, უსირცხვილო საქციელია.
ფეხით ავუყევით მელიქიშვილს. დილის გრილმა ჰაერმა გამოგვაფხიზლა. მე მუხლი მტკიოდა და ნელა დავდიოდი. საიდანღაც მანქანები მოვარდნენ. იქაურობა სპეცრაზმელებითა და პოლიციელებით გადაშავდა. დაკავებები დაიწყეს, ხალხს სადარბაზოებში მისდევდნენ. სამივე გავნაწილდით სხვადასხვა მხარეს. ტელევიზიები და სხვა ონლაინმედიები იმ წუთას იქ არ იყვნენ და ჩვენ უნდა გვეყოჩაღა, გადაგვეღო. ღვინის ქარხანასთან ვიღაცას ლამის ხელები დაამტვრიეს. მე ვიღებდი, ამ დროს პოლიციელი მომვარდა, ტელეფონი წამართვა და ძირს დააგდო. დამიმტვრია. შსს–ს პრესსამსახურის წარმომადგენელი იყო იქვე, ყველაფერი დაინახა. გამწარებულმა მივაძახე, ამას რატომ აკეთებთ–მეთქი. ის მხრებს იჩეჩს და ამბობს – ვერაფერს ვიზამო. აქციის მონაწილეების დაკავება, ცემა–ტყეპა კარგა ხანს გაგრძელდა.
დილით ბოლო ვიდეო ავტვირთეთ უკვე ყოფილი მედიაორგანიზციის გვერდზე. ამ ვიდეოში ვიღაც ქალი, მანქანას აჩერებს ვარაზისხევში და ნიღბიან სპეცრაზმელებს ლექციას უკითხავს, უყვირის, ლანძღავს, ამუნათებს და თან სასოწარკვეთილი ტირის.
რამდენიმე საათში ჩვენ სამნი ვარაზის ხევის „გალფთან“ შევიკრიბეთ. შემზარავი ღამე იყო და უფრო შემზარავად წარმომიდგა მომავალი. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ იმ დღეს დაიწყო რაღაც ამაზრზენი, აღვირახსნილი შოუ, რომლის სამიზნე ჟურნალისტები იქნებოდნენ.
ჰო, ძალიან შეშლილი გამოვჩნდები, თუ ვიტყვი, რომ კმაყოფილიც ვიყავი – იმ ღამით მშვენივრად ვიმუშავეთ!
2026 წელი
რუსული რეჟიმის საქართველოში როგორ და რატომ მუშაობს ჟურნალისტი უსახსროდ, თან ასე უშიშრად? რა ძალა ამოძრავებს? მას ხომ გუშინ პოლიციელებმა ისე ძალიან სცემეს, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა? გუშინწინ სისხლიან ფურგონში გაზის კაფსული არ შეუგდეს? პირდაპირ ეთერშიც ხომ მოუგრიხეს კისერი? სახის ძვლები არ ჩაულეწეს? ხელებშეკრული ჟურნალისტი ქალი არ შეურაცხყვეს? სახეშიც ხომ შეაფურთხეს? მერე სახლის კართანაც არ დახვდნენ? შვილები და მოხუცი მშობლებიც ხომ დაუშინეს? ბინძური ჭორებიც გაუვრცელეს, ციხეშიც ჩასვეს და ეს არ აკმარეს, ტროლების და ბოტების ქარხნები მიუსიეს დასამცირებლად. გადაღებაც ხომ აუკრძალეს? ჯარიმა? უჰ, რამდენიც გინდა. კამერა და ტექნიკა მერამდენედ წაართვეს და რატომ, რატომ დგას ეს ჟურნალისტი და ისევ მუშაობს?
რა ძალა ერჩის, რომ ყველა დღე გადის სამუშაოდ, უფრო მეტიც – ჩვეულებრივზე მეტს მუშაობს? არა, არა, მეტს კი არა, სულ მუშაობს, დღე და ღამე. დილიდან შუაღამემდე სასამართლოშია, ყველა პოლიტპატიმართან და ყველა აბსურდული მიზეზით დაჯარიმებულთან. ის ცალი ხელით სტატიას წერს, მეორით კი სასამართლოს ჯალათებს იგერიებს. ხან ზაფხულში, თბილისის თაკარა მზის ქვეშ დგას საათობით, ზამთარში კი ციხის კართან მომლოდინეს მთელი დღე თავზე ათოვს, იქნება და „ოცნების“ პრეზიდენტმა ჩვენი დატყვევებული კოლეგა შეიწყალოსო, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის ე.წ. პრეზიდენტი ჟურნალისტს არაფრით შეიწყალებს.
მას შეუძლია 1 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ, თბილისიდან ბათუმის სასამართლოში, კოლეგის სოლიდარობის ნიშნად გაემგზავროს და 8-საათიანი პროცესის შემდეგ, იმავე დღეს, უკან დაბრუნდეს, იმავეს ღამეს აქციაზე გავიდეს.
მას შეუძლია იყოს მარტო და ამავე დროს იყოს ყველგან.
და ისევ გეკითხებით – რატომ არ ჩერდება? მევე გპასუხობთ – იმიტომ, რომ ამ ადამიანისთვის, ჟურნალისტური საქმიანობა მისი იდენტობის ნაწილია და მუშაობის აკრძალვა მისთვის არსებობის აკრძალვის ტოლფასია. ამგვარ პროფესიულ და პიროვნულ სიკვდილს ვერავინ თანხმდება. ნებითა თუ უნებლიეთ, ისე გამოვიდა, რომ მისი საქმე ერთდროულად პერსონალური, პოლიტიკური და საყოველთაო გახდა. მოწოდებულია, რომ ხალხის ხმა უნდა იყოს. ეს დაისწავლა მისმა ფსიქიკამ და სხეულმა. ამიტომაც არის რეზისტენტული იმ რეპრესიების მიმართ, რომლებიც თავად დაატყდა თავს.
მჯერა, რომ რეჟიმს ეს უკვირს. მაგრამ ცოტა მეტი რომ ემეცადინათ, ეცოდინებოდათ, რომ ამ პროფესიის ადამიანები მთელ მსოფლიოში ავტორიტარულ თუ დიქტატორულ რეჟიმებში თავგანწირვით მუშაობენ. ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას მამაცი ჟურნალისტების შესახებ რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ. რომლებიც მოხვდნენ რეჟიმის რეპრესიების ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ ქვეყნებში დიქტატურა უფრო გამოცდილი და „ზრდასრულია“.
2018 წელი
სამსახურიდან სახლში დაღლილი მოვედი. ვჭამე და მომზადება დავიწყე. ჩანთა ჩავალაგე. ხვალ დასავლეთში მივდივართ მატარებლით. ვიცი, რომ იქ ოჯახებს პრობლემები აქვთ. მშენებარე ავტობანის ხიდის ქვეშ სახლები ექცევა. მოსახლეობა შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს, რასაც სახელმწიფო არ თანხმდება. ადგილობრივ გამოცემა „ბათუმელებს“ უკვე ჰქონდა რამდენიმე სტატია ავტობანის მშენებლობის პრობლემურ მხარეებზე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩვენც უნდა დაგვეწერა. რედაქტორები დავარწმუნე, რომ წასვლა იყო საჭირო. სინამდვილეში მეც ვჭოჭმანობდი, კარგად არ ვიცოდი ამბავი და მასშტაბი. თუმცა რა მასშტაბი? ერთი ადამიანიც რომ იყოს, ჩვენ ხომ იმ ერთი ერთის ხმაც უნდა ვიყოთ? ჩემი წასვლა ხელსაყრელიცაა, სასტუმროს თანხა დაიზოგება, ღამით ჩემს დასთან დავრჩებით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს.
მე და სოფო მატარებლით წავედით. რომელსაც ჩქაროსნული ჰქვია, თუმცა ვერასოდეს ამოვხსენი – რატომ. ჩავედით და წვიმიან ბათუმში გავიარეთ, მღელვარე ზღვას გადავხედეთ. სანაპიროზე ყავა დავლიეთ და ცოტა ვჭამეთ. სხვათა შორის, ჩვენი სამივლინებო დღიური 15 ლარი იქვე დავხარჯეთ. მერე ტაქსი ვიქირავეთ და დავიძარით მახინჯაურისკენ. ადგილზე მივედით და მანქანა გავუშვით. მთელი დღე ოჯახიდან ოჯახში გადავდიოდით, საშინელი ამინდი იყო. გაშრობას ვერ ვასწრებდით, რომ ისევ ვსველდებოდით. რა კარგი იქნებოდა, ჩვენი მანქანა გვყოლოდა.
მართლაც რამდენიმე სახლზე გადიოდა ავტობანის ხიდი. სახელმწიფო მიზერულ თანხას სთავაზობდა მათ. ძალიან შემეცოდნენ. ერთია, რომ იძულებული ხარ დატოვო მთელი შენი ცხოვრების ზრუნვის ობიექტი, შენი სახლი, მეორეა – რას გთავაზობენ სანაცვლოდ.
თბილისში დავბრუნდი და დავიწყე წერა, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ინტერვიუ ჩავნიშნე.
2026 წელი
ხიდის ქვეშ მცხოვრები რესპონდენტებიდან ერთ–ერთი პერიოდულად მწერდა და მირეკავდა. უსამართლობასთან პირისპირ მარტო დარჩენილს რატომღაც ჩემი იმედი ჰქონდა. მე რა უნდა მექნა? მისი ამბავი დავწერე, ბევრჯერ გავაზიარე და მაშინდელი გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრე მასზე. ჩემგან კარგ სიახლეებს ელოდა. მესმის მისი, სასოწარკვეთილი იყო. რაღაც პერიოდის მერე შეწყდა ზარები და როგორც გავიგე, მორიგდა სახელმწიფოსთან. არ ვიცი, ამაში ეს სტატია ან სხვა ჟურნალისტების მიერ გაღებული ძალისხმევა დაეხმარა თუ არა. მაგრამ, მინიმუმ, მისი წუხილი ჩვენც გავახმაურეთ.
2025 წელს, როცა სახელმწიფომ რეპრესიული მანქანა ჟურნალისტების წინააღმდეგ აამოქმედა, მაშინ არ ვმუშაობდი. მიმდინარე მოვლენები საშინლად მაბრაზებდა და ემოციებს ვერ ვთოკავდი. თავისუფალ დროს ვაკვირდებოდი ტროლ/ბოტების მუშაობას, შევისწავლე პროპაგანდის ქცევა. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ხანგრძლივად პროპაგანდამ უკანონოდ დატყვევებულ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე იმუშავა. პოლიციელის მიერ ქალი ჟურნალისტის უკანონოდ დაკავება, მისი შეურაცხყოფა, სახეში შეფურთხების გამართლება პროპაგანდისთვის რთული იყო. ჩვენს კულტურაში ამას თავად მოძალადე კაციც კი გმობს.
ამ ზიზღისა და სიძულვილის ნიაღვარში რეალური ადამიანების კომენტარებიც უხვად მხვდებოდა.
„მზია, შე გრანტიჭამია, მოგიხდება ეგ ციხე“ – წავიკითხე ერთ–ერთი საინფორმაციო გვერდის კომენტარებში და ბრაზისგან თვალზე ბინდი გადამეკრა. ის ადამიანი წერდა, რომელსაც ადრე სახელმწიფო ძალით უპირებდა უზარმაზარი სახლიდან გასახლებას და სანაცვლოდ სასაცილო თანხას სთავაზობდა. რადგან იმ დროს ჟურნალისტური პასუხისმგებლობისა და ეთიკისგან თავისუფალი ვიყავი, ვიფიქრე, პასუხს გავცემდი. ვერ შევძელი. იმ განცდას ზუსტ სახელს ვერ ვარქმევ, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას ვღალატობდი და არ მივწერე. მხოლოდ მეგობრებიდან წავშალე.
სიმართლე ისაა, თუ ეს ადამიანი ისევ მოითხოვს შველას და თუ ერთი პატიოსანი ჟურნალისტი მაინც იარსებებს ამ ქვეყანაში, ამ ადამიანის ტკივილი ისევ საჯაროდ და ხმამაღლა იქნება გაჟღერდება. რადგან ჟურნალისტი სიმართლისთვის მუშაობს და არა მადლიერებისთვის, ან კომფორტისა და პირადი კეთილდღეობისთვის. სხვა შემთხვევაში ამ გზას დიდი ხნით ადრე დაადგებოდა. სწორედ ამ პრინციპის დაცვის გამოა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვე.