საფრანგეთში აბორტი კონსტიტუციურ უფლებად ცნეს

პუბლიკა

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად ცნეს. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ქალს აბორტის გარანტირებულ თავისუფლებას კონსტიტუციით ანიჭებს.

ეს საფრანგეთის კონსტიტუციაში 25-ე ცვლილებაა, ხოლო 2008 წლის შემდეგ პირველი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კენჭისყრამდე დეპუტატებს უთხრა, რომ აბორტის უფლება საფრთხის ქვეშ იყო.

„საჭიროა მხოლოდ ერთი თაობა, ერთი წელი, ერთი კვირა, რათა რაღაცები მკვეთრად შეიცვალოს. ამერიკელმა ქალებმა აბორტის უფლებებისთვის უნდა იბრძოლონ, ხოლო უნგრელებისა და პოლონელებისთვის აბორტი აღარ არის დაცული თავისუფლება […] მე ვეუბნები ქალებს, ჩვენს საზღვრებსა და მის გარეთ: მსოფლიოს იმედის ერა იწყება”, – თქვა მან.

902 პარლამენტარიდან 780-მა ცვლილებას მხარი დაუჭირა, 72 იყო წინააღმდეგი, ხოლო 50-მა თავი შეიკავა. როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ამ რეფორმას ხალხის 85% უჭერდა მხარს.