საფრთხის შემცველი სათამაშოები - სააგენტო სიას აქვეყნებს

პუბლიკა

„სათამაშოებს სძვრება ნაწილები, რომლებმაც შესაძლოა ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს“ – სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო აქვეყნებს იმ სათამაშოების სიას, რომლებიც ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სათამაშოების რისკის ტიპში მითითებულია გაგუდვა, დახრჩობა, მავნე ქიმიური ნივთიერებები. სააგენტოს ვებგვერდზე ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოების სრული სიის ნახვაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთი სათამაშოს აწერაში წერია:

„ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

სააგენტოს ცნობით, საფრთხის შემცველ სათამაშოებს შორისაა, როგორც ჩვილების, ისე მოზრდილი ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები.

სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სათამაშოები გაყიდვიდან ამოიღეს.