საგადასახადო სამსახური „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში შევიდა - გვარამია

პუბლიკა

„საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა, ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის იმიტომ, რომ ჩვენი შემოსავალი ესაა“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამია განმარტავს, რომ საგადასახადო სამსახური იმ ობიექტზე შევიდნენ, საიდანაც „მთავარი არხის“ რეკლამები იყიდება.

„იქ რომ რამე დააყადაღონ ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა. სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს და ერთი წლის თავზე აღმოაჩინონ, რომ „უი, არანაირი დარღვევა არ არის“, და პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა და ჩვენ ვიხდით გადასახადებს“, – ამბობს გვარამია.

გვარამია საგადასახადო სახლში უწყების შესვლას უკავშირებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ტელეკომპანია „მთავარში“ „TV პირველსა“ და „ფორმულაში“ შავი ფული ტრიალებს და ეს გამოსაძიებელია“.

„შევიდნენ, ამას შეგვპირდა ბ-ნ კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედია, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე გელოდებათ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და კიდევ, პროკურატურას…“, – განაცხადა გვარამიამ.