საგამოცდო ცენტრები ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, დღეს ჟურნალისტებს ეროვნული გამოცდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო ცენტრებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია და ცენტრები აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. მისივე თქმით, წელს კორონავირუსით ინფიცირების მიზეზით არც ერთი გამოსაცდელი პირი, აბიტურიენტი,  სტუდენტი, მაგისტრანტობის მაძიებელი თუ მასწავლებელი, არ დარჩება გამოცდების მიღმა. მათ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით ჩაუტარებს გამოცდას შესაბამის საგანში, არაუადრეს 2 კვირისა, გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით.

სამინისტროს ცნობით, 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

2020 წლის მსგავსად გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. ამასთან, მაგიდებს შორის დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველ ივლისს დაიწყება.