საგამოძიებო: აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1 მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა. გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი.