საგამოძიებო: აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე 80 შეტყობინება შემოვიდა

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება მიიღეს, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

უწყების ცნობით, გამოძიება მყისიერად დაიწყეს და დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი (მათ შორის 9 ჟურნალისტი), 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა;

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები;

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტსივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები;

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიიდან, ინტერნეტსივრციდან, კერძო ობიექტიდან თუ საჯარო უწყებიდან, გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერების გამოთხოვა და მათი შესწავლა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;

მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა;

„კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2024 წლის აპრილისა და მაისში ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, 1 მაისს დაიწყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა არ უპასუხა უწყების ზარებსა და მოკლექტექსტურ შეტყობინებებს და მისგან პასუხი არც გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ მიუღიათ.

„ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაჰბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.

გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;

სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით;

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;

სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.