საგამოძიებო სამსახური ახალი სათაო ოფისის ასაშენებლად ₾17 850 000-იან ტენდერს აცხადებს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა.

უწყება აცხადებს, რომ მშენებლობა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე გადმოცემულ 4 440 მ2 მიწის ფართობზე აშენდება. ფასი17 850 000 ლარი იქნება. მშენებლობის დასრულება 24 თვეშია დაგეგმილი.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 2 ოფისში მუშაობენ და ქირის სახით წელიწადში დაახლოებით  700 000 იხდიან. ამასთან, შენობა „ვერ პასუხობს საგამოძიებო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს, რაც  საგამოძიებო პროცესს აფერხებს, შეუძლებელს ხდის გამომძიებელების რაოდენობის გაზრდას და სამსახურის განვითარებას”.

გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე ჩამონგრეული შენობაც გადაეცა. მათ მისი რეაბილიტაცია დაიწყეს, თუმცა, „სამუშაოების მიმდინარეობის დროს ჩამოინგრა სართულშუა გადახურვებისა და საყრდენი კედლების ნაწილი და მომეტებული საფრთხის გამო მშენებლობის პროცესი შეწყდა, რის შემდეგაც დაზიანებული შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდა, ხოლო შენობის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო”.

უწყების ცნობით, ახალი შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, გათვალისწინებული იქნება სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმები, იქნება საარქივო, სასერვერო და პარკირების სივრცეები.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის განცხადებით:

„სამსახურის გაძლიერების აუცილებლობა ასევე ხაზგასმულია ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, რომლის თანახმადაც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა მოხდეს სამსახურის გაძლიერება, რომელიც თავისთავად მოიცავს ინსტიტუციურ, ფინანსეშურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართულმა ოცნებამ„ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

2021 წლის დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.