სპეციალური საგამოძიებო სამსახური სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მათივე თქმით, „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებულის” გამოკითხვის ოქმს ასაჯაროებს.
დღეს სანდრო ცნობილაძის სახლში ჩრეკა ჩატარდა, რა დროსაც ცნობილაძე ბინაში მოხუც დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ჩხრეკის დაწყების შემდეგ მივიდა ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და „META“-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა. ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
დღეს, ჩხრეკის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა სანდრო ცნობილაძემ.
„მოვიდნენ დილას. მოვიდა რამდენიმე ადამიანი. ერთი რამე ფაქტია, საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიქნებოდი. როგორც ხედავთ, არ ვარ დაკავებული. შემოვიდნენ დილას, სადღაც, 11:00 იყო. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შემოსვლის ფორმა ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები და ძალიან სასაცილოა ის, რომ დისკებზე არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა… წაღებულია ლეპტოპები. შეიძლება იქ საფეხბურთო რაღაცები არი… მთელი ჩემი ცხოვრებაა, ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და შესაბამისად, ესენია წაღებული. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. ჩემი შვილის მისამართით იყო, ტელეფონს წაგართმევთო და ა.შ.
[პირადი ცხოვრების ხელყოფის გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემთვის ცოტა სასაცილო ამბავია. მაქსიმუმი, რაც ჩემგან ამოიღეს და შეიძლება, ნახონ, არის არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი ჩემი დაკვირვებით და შეხედულებით, არის უბრალოდ შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის და აქვე კიდევ დავაფიქსირებ, მაინც ყველა დღე ვიდგები აქციაზე, ყველა დღე გავაპროტესტებ. მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან.