ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებოს ცნობით, პირველ საქმეზე, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დაკავებულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.