საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

პუბლიკა

ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირები მოქმედებდნენ ჯგუფურად და ყალბ ერთლარიან მონეტებს სისტემატურად ასაღებდნენ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.