საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“.
„უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ, რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
გუშინ, 6 ივლისს ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი.“
იქამდე, 5 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მისი წყაროების ინფორმაციით, მეუფე შიო მოწამლეს.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცველობა. მისივე თქმით, მეუფე შიოს ქვეყანა არ დაუტოვებია, საქართველოშია და სახლში იმყოფება.