საგამოძიებო: სახლში სათამაშო ბიზნესის მოწყობისთვის დავაკავეთ 2 პირი

პუბლიკა

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს 2 პირი, რომლებსაც სათამაშო ბიზნესის ობიექტი საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ მოწყობილი.

უწყების განცხადებით, ამ ობიექტიდან შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.

„ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული. დანაშაული ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობას.