საგანგაშოა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ საგანგაშოა საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას ჩადენილ დანაშაულებს“,- ამის შესახებ განხცადებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს“.

ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამ კანონპროექტის თანახმად, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებზე, არამედ ამნისტია გავრცელდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლზე.

მათი თქმით, ამნისტია შეეხება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ჩამდენ სამართალდამცავ პირებს. როგორც ორგანიზაცია აცხადებს,  ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმად, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაუშვებელია ამნისტიის გავრცელება.

„როცა პროკურატურა არ არის ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, გამოკვეთილია საფრთხე, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი დანაშაულები დარჩება გამოუძიებელი და ამას ხელს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეუწყობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.