საგანგაშოა ის, რომ ექთნის საქმეზე გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, კლინიკაში რომ მოხდა.

„რა თქმა უნდა, ასეთი ცრუ ჩვენება როგორც სამართლებრივი, ასევე, პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. რეგულირების სააგენტო, თავის მხრივ, გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე, გვექნება საფუძველი, ვიმსჯელოთ, საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში”, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა საექიმო შეცდომა, საექიმო შეცდომებს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო და და მას შეუძლია დააყენოს საკითხი ექიმის სერტიფიცირების შეჩერების ან საერთოდ შეწყვეტის თაობაზე. მისივე განმარტებით, ეს არის მაქსიმალური გადაწყვეტილება, სანქცია, რაც შეიძლება პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილოს.

საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-სა და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.