საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ გვაქვს – გახარია

მინდია გაბაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა მიhყვება კონკრეტულ გამოწვევას და ახალი გამოწვევების პირობებში, ყოველდღიურად, ეს ღონისძიებები მკაცრდება.

გახარიას თქმით, ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს.

„ზოგიერთმა სახელმწიფომ ეს საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ, მინდა, ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, თუ რას ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენ უკვე გავატარეთ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ. შეიძლება, ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ უკვე დიდი ხანია, განხორციელებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება ხვალ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც გადადგამენ.

„საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს გარკვეულ ნაბიჯებს, მაგალითად, სკოლაში სწავლის შეჩერებას, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვას, რაც ასევე, უკვე გავაკეთეთ და რასაც ეტაპობრივად ვაკეთებთ. ჩათვალეთ, რომ ღონისძიებები, რომლებსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ნაწილობრივ უკვე დაწყებული გვაქვს, ამიტომ, იქ როდესაც მივალთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს სრული ინსტრუმენტების გამოყენება და გარკვეული ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობა ამას ყველაფერთან ერთად ნიშნავს მოქალაქეებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.