„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება არაკონსტიტუციურია.
პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საკარანტინო ღონისძიებების სახით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის გამოყენების წესსა და მასშტაბებს მთავრობა განსაზღვრავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა უმრავლესობის წევრების (დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე) საკანონმდებლო ინიციატივა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ. ინიციატორები პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე საკითხზე, კერძოდ:
-
კანონპროექტის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან:
კანონის პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს:
- საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება;
- პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
- საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
- ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.
აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგ. შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.
-
საკარანტინო ღონისძიებების გათანაბრება საგანგებო მდგომარეობასთან
კანონის პროექტით, საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების წესს კი მთავრობა განსაზღვრავს.
ადამიანის ძირითად უფლებათა ამ მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს და სწორედ ამიტომ კონსტიტუცია შეკრების, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა შეზღუდვას მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს.
-
პარლამენტის როლის იგნორირება ადამიანის ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვისას
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პარლამენტის როლი განმსაზღვრელია. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები.
საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის მხრიდან საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ვითარებაში მეტია ადამიანის უფლებათა არაპროპროპორციული შეზღუდვის რისკი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში პარლამენტს ფაქტობრივად არ განუხორციელებია საპარლამენტო კონტროლი და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე არ უმსჯელია.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. რადგან, მათი განმარტებით, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.
ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს.
ამავე თემაზე:
► აუცილებელია ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე;