აუცილებელია, ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე

პუბლიკა

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ შენიშვნები გამოთქვა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც აღნიშნულ კანონზე დაყრდნობით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები.

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ პროექტის ამ შინაარსით მიღება დაუშვებელია და მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში დასაწესებელ კონკრეტულ შეზღუდვებზე მთავრობას პარლამენტის თანხმობა სჭირდებოდეს.

„პარლამენტი, ფაქტობრივად, ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი, ფაქტობრივად, ფარ-ხმალს ყრის. დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებისა, რომელიც შეუძლებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. მარტივად რომ მოგახსენოთ, საკარანტინო ღონისძიებები, რომელიც [კანონით აქამდე] ეხებოდა ერთ პირს/ერთ ადამიანს,  ამ მუხლს დაუმატეთ ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი დღეს მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში და რომელიც ქვეყანაში ხორციელდება პარლამენტის ნებართვით.

ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება, ადამიანის თავშეყრის და გამოხატვის, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს.

თქვენი პასუხია, კი მაგრამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც წვრილმანი შემთხვევებისას საგანგებო მდგომარეობას ხომ არ გამოვაცხადებთ? კი ბატონო, ნუ გამოაცხადებთ, მაგრამ ყველა ეს ნორმა, რომელიც აქაა ჩაწერილი, უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

მას მიაჩნია, რომ ეს იქნება მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდშიც.

„თქვენ ხომ შეგიძლით, ამ კანონით ნებისმიერ ქალაქს გაუკეთოთ იზოლირება? …ადგებით და საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს და ყოველგვარ თავისუფლებას აუკრძალავთ პოლიტიკურ ოპოზიციას. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. პარლამენტი აძლევს ხელისუფლებას უსაზღვრო უფლებებს. ყველა იმ უფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჭიროებდა პარლამენტის მიერ დამტკიცებას. ეს არის დიქტატორული კანონი. მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის, ადამიანების უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი“, – განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, თავშეყრის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, გოცირიძის შეფასებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ის მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. თალაკვაძის განმარტებით:

„კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის წარმოქმნას;

ასევე, წერია, რომ ყველა ადამიანი ვალდებულია,  შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას, ასევე,  დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები; ამავე კანონში აღნიშნულია, პირის იზოლაციისა და კანატინში მოთავსების შესახებ.

ამავე კანონში წერია, რომ ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარება შესაძლებელია. ამავე კანონში წერია, ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების შესახებ. ასევე, ამავე კანონში წერია სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში და ა.შ.“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი პოზიციით, ცვლილებები, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, „რომელიც დღეისთვის ჩვენ გვჭირდება“. 

რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, ვინაიდან, კანონპოექტით ფართოვდება ტერმინ „საკარანტინო ღონისძიებების” განსაზღვრება და ყველა ის შეზღუდვა, რაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჰქონდა დაწესებული „ჩაატია საკარანტინო ღონისძიებების ცნებაში”. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ეს ნორმა გამოყენებული იყოს პარლამენტთან შეთანხმებით.

უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, რომ „კონკრეტული გადაწყვეტილებები ჩამოვკიდოთ პარლამენტის უცებ შეკრებაზე… მინისტრი მოვა, პრემიერ-მინისტრი მოვა, პარლამენტის ყველა ეს შეკითხვა არის ის, რასაც მართვა ჰქვია”.

„… თუ ვინმეს არ სჭირდება არჩევნების ჩაშლა, ეს ვართ ჩვენ”, – უპასუხა მან რომან გოცირიძეს აღნიშნული რეგულაციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საპასუხოდ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბიუროზე კანონპროექტებს შინაარსობრივად არ განიხილავენ. მან კოლეგებს მოუწოდა, რომ შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას წარმოადგინონ.

კანონპროექტის შესახებ დეტალურად გაეცანით მასალას:

► საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს –კანონპროექტი;