ზუგდიდში პირბადეების დარიგებისას ხალხის შეკრების გამო ორგანიზაცია დააჯარიმეს

პუბლიკა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, 15 000 ლარით დააჯარიმა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

შსს-ს ცნობით, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივამ“ დღეს ზუგდიდში 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

საქველმოქმედო აქციაზე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით პირბადეები და სხვა საშუალებები უნდა დაერიგებინათ, ხალხმრავლობა იყო. „ოდიში ნიუსის“ ინფორმაციით, „ახალი ლიდერების ინიციატივითა“ და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა. ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. ხალხის ნაკადი ქალაქში პირბადეების დეფიციტმა გამოიწვია.