საგანგებო მდგომარეობისას იზრდება რისკი უწყებების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაც – ომბუდსმენი

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაჭირდება დღეს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა იმიტომ, რომ უფრო ხისტი არის ამ შემთხვევაში რეჟიმი. მოქალაქეების უფლებებზე მაღლა დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები, ისევ ჩვენი ძირითადი უფლებების დაცვის მოტივით, მაგრამ ან ვითარებაში, რა თქმა უნდა, იზრდება რისკი იმისა, რომ იმ უწყებების ხელში, რომელთა ხელში ისედაც არის ძალაუფლება და საგანგებო მდგომარეობის დროს თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება არის, იზრდება რისკი მათი მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაც“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამბობს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ, ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს, მათი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც ომბუდსმენის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამის შესახებ ომბუდსმენმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ამის მაგალითია ბათუმში მომხდარი შემთხვევა, როცა მოქალაქე პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესწავლა.

„მოგეხსენებათ საზოგადოების აზრი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, უფრო მეტად დღეს არის „მკაცრი ხელის პოლიტიკისაკენ“, იმიტომ, რომ პირველ რიგში დგას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტები. ამიტომ შეიძლება, დაგვეჩაგროს ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ინდივიდუალური შემთხვევა არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე. თავიდანვე იყოს გამოვლენილი ასეთი ფაქტები. იმიტომ, რომ, რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ან საზოგადოებას ექნება შემწყნარებლური პოლიტიკა მსგავსი შემთხვევების მიმართ, თანდათანობით შესაძლებელია, ბუნებრივად გაიზარდოს არასათანადო მოპყრობის შემთხვევები“, – ამბობს ნინო ლომჯარია.