საგანგებო რეჟიმის დროს კარანტინის განმეორებით დამრღვევს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც  იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 10 000 ლარით. (არა საგანგებო მდგომარეობის დროს);

განმეორების შემთხვევაში კი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

აღნიშნული ჯარიმები ძალაში იქნება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო იქნება იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დაცვა.

საგანგებო მდგომარეობის დროს კი იზოლაცია/კარანტინის წესის დარღვევისთვის უფრო მკაცრი სანქცია დაწესდა. კერძოდ, იზოლაციის/ კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო  მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

რაც შეეხება განმეორებით შემთხვევებს, აქაც ქმედება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ეს სანქცია ვრცელდება ასევე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევაზეც.

ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.