საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართოს| განათლების ხარისხის ცენტრი

პუბლიკა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრულ სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

ამასთან, ცენტრის განცხადებით, თუ სასწავლო პროცესის შეფერხება, შეჩერება ან გადაწევა საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, – ეს გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.

„ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.

არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოში ამ დროისთვის 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფი გაიფიცა. სტუდენტების თქმით, აუდიტორიებში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს.

ლექტორების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, ტოვებს იმ უნივერსიტეტებს, რომელთა ადმინისტრაციაც გაემიჯნა სტუდენტურ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.

სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებულ განცხადებას 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოაწერა ხელი.

მათ შორის იყო „კავკასიის უნივერსიტეტიც“, თუმცა, უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო აცხადებს, რომ განცხადებაზე ხელმოწერა მათთან არ ყოფილა შეთანხმებული და გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი და ხელმოწერა გაიწვიეს.