საგარეო: დანიის ელჩს არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე განმარტებები ეთხოვა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოში დანიის ელჩს, ანნე ტოფტ სორენსენს მის Op-Ed-თან და მასში „მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა”.

ელჩმა  დანიურ  გამოცემა Jyllandsposten-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი დაიბარა.

უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ „სამწუხარო უწოდა იმას, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ  უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური  მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას”.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა:

„ელჩის Op-Ed „ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას”.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ  სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და  სამწუხაროა რომ  ოპონენტების მხრიდან  იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული”.