საგარეო: EU-ის და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კონფერენციებში მონაწილეობდა.

უწყების განცხადებით:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

როგორც ელჩებს განემარტათ, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც, ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას”.

საგარეო საქმეთა სამინისტრომდე ვრცელი განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც და „უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო ღრმა მწუხარება და შეშფოთება გამოთქვა”.

ამასთან, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ „იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებებს და საქართველოსთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გადასცემს „დამნაშავეებს, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.