საგარეო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ბრალდებებს ცილისმწამებლურს უწოდებს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, თეა კატუკიას ბრალდებებს ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ ელჩმა თანამდებობა კონსულტაციის საფუძველზე დატოვა, რადგან სამინისტრო უკმაყოფილო იყო მისი საქმიანობით.

„გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით.

ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში.

სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“, – წერია განცხადებაში.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის განმარტავს, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მასზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა, რომელიც მისი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ხორციელდებოდა.