საგარეო უწყებასთან მამუკა ჩხიკვაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

პუბლიკა

„ხმა ამოიღეთ!“ – დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეებმა საპროტესტი აქცია გამართეს. უწყების შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ გამოიყენონ საკუთარი მანდატით მინიჭებული უფლებები, იმისათვის რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს. ამასთან, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება დაკავებულის მდგომარობისა და მის გარშემო არსებული ვითარების შესახებ“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 დეკემბერს დააკავეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ორი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.