საგარეოს მაღალჩინოსანს მშობლებმა 120 000 ევროიანი პორშე, 100 000 დოლარიანი ბინა და 60 000 ლარი აჩუქეს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სამმართველოს უფროსმა ლიანა ლატარიამ 2020-2021 წლებში მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 804,765 ექვივალენტი ლარის ღირებულების საჩუქრები, მათ შორის, 119 ათასი ევროს ღირებულების Porsche 911 CARRERA 4S, საცხოვრებელი ბინა ღირებულებით 100 ათასი აშშ დოლარი და ფულადი თანხა 60 ათასი ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, უმეტესწილად განპირობებულია ცალკეული პირების მიერ ახლო ნათესავებისგან მიღებული ძვირადღირებული საჩუქრებით. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ 2020-2021 წლებში ბებიისგან და დედისგან საჩუქრად მიიღო ფულადი თანხა 430 ათასი აშშ დოლარი.

ეს და სხვა შემთხვევები მოყვანილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში. ორგანიზაციამ შეისწავლა 2021-2023 წლებში თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია.

როგორც IDFI – ის კვლევაში ვკითხულობთ, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას.