წერეთელზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ადგილას მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

პუბლიკა

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით.

გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.

მათივე ცნობით, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზეც და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.


წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დღეს, 1-ელ თებერვალს გაიხსნა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება – დასასრულებელია უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, გარე განათების ქსელის მოწყობა, უახლოეს მომავალში დასრულდება შუქნიშნების მონტაჟი და გზის დახაზვა. მისივე თქმით, მარტში დასრულდება ტროტუარების მოწყობა და გამწვანება.