საია: 20-21 ივნისს დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა. პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს და დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. საიას განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს საქმეს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს ეხება.

აღნიშნულ საქმეზე საიას მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე 2019 წელს პროკურატურამ და სასამართლმ არ გაითვალისწინეს და იმით ახსნეს, რომ მოთხოვნის დროს, დაზიანებების ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ იყო ცნობილი.

მოგვიანებით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილს მიანიჭა. ამის მიუხედავად, მათ და საიას ადვოკატებს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

პროკურატურა 23 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს.“

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის  სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარი უკანონო და დაუსაბუთებელია.

„კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი.  შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს და ქმნის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს”, – წერია საიას განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმის დინამიკა ასევე მიანიშნებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება გარკვეული ხარვეზით ხასიათდება. საიას განცხადებით, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებული პირების დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნბის მოპოვება.

იმ შემთხვევაში, თუ თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.