საია 5 ივლისის ძალადობის 3 წლის თავს ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას” და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.
საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედიის წარმომადგენლია, რომლებზეც იძალადეს და ხელი შეუშალეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად ჰომოფობიური მოტივით, იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
საია აცხადებს, რომ მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან.
„თუმცა, სამწუხაროდ, გაგზავნილ განცხადებებსა და საჩივრებზე ჯეროვანი რეაგირება არ მომხდარა, რამაც ცხადყო რომ ეროვნულ დონეზე ადგილი ჰქონდა არაეფექტიან გამოძიებას. გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა”. – ამბობს ორგანიზაცია.
ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა, საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
საქმე შეეხება ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ამ დროისათვის საქმეზე დასრულებულია მხარეთა შეპასუხების ეტაპი და მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია. 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე – სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს”. – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე გასულ წელს ამტკიცებდა, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყოლია და ეს იყო „სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეაგირება“.
„პუბლიკამ“ 2021 წლის 5 ივლისიდან მალევე მოამზადა მასალა, სადაც ჩანდა, როგორ მოუწოდებდნენ „ალტ-ინფოს“ ლიდერები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ და ასევე, როგორ აქეზებდნენ ადგილზე თავიანთ მომხრეებს ძალადობისკენ.