საია: ადვოკატის შეფასებით, თემურ ქათამაძეს აქვს წონის მნიშვნელოვანი კლება

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ის უკვე 20 დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მიუწოდებია შესაბამის უწყებას.

„ადვოკატის შეფასებით, იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან, სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მათ ინფორმაცია, რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ ქათამაძეს.

ამასთან, საია მიმართავს სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.