საია: აქციებზე „ოცნების" მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენება საფრთხისშემცველი იყო

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, დამატებით იმის გასარკვევად, რა კონკრეტულ საშუალებებს შეიცავდა ეს ნივთიერება მათ გამოითხოვეს დეტალები როგორც შინაგან საქმეთა, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროებისგან, თუმცა ინფორმაცია არ მიუღიათ.

„განცხადება იმ უკანონო პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნოემბერ-დეკემბერში, როცა მასობრივად ხდებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალების გამოყენება, მათ შორის ერთ-ერთი, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, იყო ქიმიური საშუალება, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შერეული იყო ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლში და ეს მის ეფექტს კიდევ უფრო მძაფრს ხდიდა. ჩვენ შევეცადეთ, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაგვერკვია.

პირველივე დღეებიდან, როცა ეს გამოიყენებოდა, საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია თვითონ დაზარალებულების მხრიდან იმ ეფექტის შესახებ, რომელსაც განიცდიდნენ ამ ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ისინი საუბრობდნენ, განსაკუთრებით იმაზე, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა შედეგად ამ ნივთიერების შესუნთქვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად რა საშუალების გამოყენება ხდებოდა და შსს ვალდებული იყო, რომ ეს თავადაც გაესაჯაროებინა, თუმცა ეს არ გააკეთა და ჩვენ დამატებით მივმართეთ მათ – ეს ინფორმაცია შსს-მ კიდევ არ გაასაჯაროვა. ამ დროისთვისაც უცნობია ის საშუალებები, რომლებიც ქიმიური მახასიათებლებით გამოირჩეოდა და გამოიყენებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

დავინტერესდით ჯანდაცვის სამინისტროსგანაც გაგვეგო ინფორმაცია, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია კონკრეტული საშუალებების შესახებ, ასევე, მიმართეს თუ არა თვითონ შსს-ს იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მიეღოთ და შემდგომ მკურნალობა ამაზე დაყრდნობით განეხორციელებინათ. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოეთხოვათ, რადგან შეაფასეს, რომ ამის საჭიროება არ იყო“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება ამაზე „ბუნდოვანია“, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციების დარბევის პერიოდში თავადვე საუბრობდნენ, შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით ამ ინფორმაციის განსაკუთრებით მნიშვნელობაზე.