საია: დავით დოიაშვილის გათავისუფლება „ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება „ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა.

„რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია ამ ფაქტს აფასებს, როგორც „ქართული ოცნების” მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური. მათივე შეფასებით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა.

საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” მსახიობებს.


16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.