ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელს ექსტრაკორპორული განაყოფიერების რეგულაციასთან დაკავშირებით.
„მიგვაჩნია, რომ ეს ბრძანება ლახავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას – ეს არის პიროვნული განვითარების თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება და ოჯახური ცხოვრების უფლება, იმიტომ რომ რეალურად, ოჯახის დაგეგმვაზე გადაწყვეტილებას წყვილები კი არ იღებენ, არამედ იღებს სახელმწიფო. ეს არის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა და შეზღუდვა, რადგან ასეთი ტიპის შეზღუდვა რეალურად არანაირ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება“,- ასე აფასებს საია-ის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა მხოლოდ ქალსა და კაცს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინებიდან გასულია 1 წელი ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ამდენივე პერიოდის განმავლობაში.
გიორგი გოცირიძის განმარტებით, 1997 წელს მიღებული კანონი „ჯანმრთელობის დაცის შესახებ“ 143-ე მუხლით, არსეგულირებს სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების გზით ბავშვის დაბადების შესაძლებლობას, სადაც წერია, რომ როგორც სუროგაცია, ასევე ინვიტრო განაყოფიერება შესაძლოა გამოიყენონ წყვილებმა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო დონეზე პრობლემა აქამდეც იყო, ანუ კანონი ამავე შესაძლებლობას არ აძლევს, მაგალითად, მარტოხელა ქალებს. აღნიშნულმა ბრძანებამ კი განსაზღვრა ვადები და ის, თუ ვინ არიან წყვილები (ქალი და კაცი, რომლებიც სუროგაციამდე მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იყვნენ რეგისტრირებულ ან არარაეგისტრირებულ ქორწინებაში).
შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ბრძანების თანახმად, ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი:
ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.