საია ეხმაურება 2026 წლის 13 ივნისს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც ჩანს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული წამება / დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
საიას შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება არ ცვლის საქართველოში საპოლიციო ძალადობის და ამ შემთხვევის სისტემურ ხასიათს.
ამასთან, ღია რჩება მნიშვნელოვანი შეკითხვები: დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ; დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ.
„განცხადებაში შსს მედიის წარმომადგენლებს მის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სდებს ბრალს, მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში თავად პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაერთი ფაქტი გავრცელდა. ამის საპასუხოდ, საპოლიციო ძალებში ძალადობის პრევენციისა და ამ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირების შესახებ ძალოვან უწყებებს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და სრულყოფილი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა.
საპოლიციო ძალადობის დაუსჯელობისა და წახალისების პრობლემა საქართველოში მოიცავს:
• უშუალოდ დამნაშავეთა და მათ ხელმძღვანელთა დაუსჯელობას
• დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციას
• გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას
• ძალადობის პრევენციის ზომების არარსებობას
საიას შეფასებით, სისტემური წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ სახელმწიფოს მიდგომები ასეთი ფაქტების ნორმალიზებისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისკენაა მიმართული.
ასეთ ვითარებაში, ცალკეულ პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ ფასადურ ქმედებად შეიძლება შეფასდეს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ კადრების ავთენტურობა დაადასტურა და აცხადებს, რომ კადრები 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ეს დანაშაული თითქმის 4 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და ისინი პროკურატურამ დააკავა.
„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, – აცხადებს შსს.
სისხლის სამართლის არაერთი სპციალისტი კადრებში ასახულ პოლიციელების ქმედებებს წამებად აფასებს.