„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.
ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია იყენებს სახის ამომცნობ კამერებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოებია, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, აქციის მონაწილეებზე ამ მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს.
საია აცხადებს, რომ სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევაა.