საია: შსს აქციებზე სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისათვის იყენებს

პუბლიკა

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს, გზის გადაკეტვის საბაბით, მასობრივად აჯარიმებენ 5000 ლარით.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამბობს, რომ ამ საქმეებში ერთადერთი მტკიცებულება სახის ამომცნობი კამერებიდან გადაღებული და ამოღებული კადრებია.

დღეს „საია”-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე შსს-ის მხრიდან ამ ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევებსა და მის მიზნებზე ილაპარაკა.

„ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ისე აქციის მონაწილეთა ქცევის კონტროლისთვის. მას ასევე აქვს მსუსხავი ეფექტი, რაც გამოხატვის თავისუფლების თვითშეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს”. – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

მან გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთ საქმეზე ილაპარაკა – მოქალაქეს „საია”-ს იურისტი იცავდა.

ქურდოვანიძის თქმით, „მის საქმეში წარმოდგენილი იყო ვიდეო ფაილები, რომელთა დათვალიერების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად არის დამაზიანებელი”.

ჩანაწერში ჩანს მოქალაქე, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას, ხელში კი ფურცელი უჭირავს და კითხულობს. კადრებში მოქალაქე და მისი ფურცელი სხვადასხვა მანძილიდან არის გადაღებული. ე.წ ზუმ-ფუნქციის გამოყენებით შესაძლებელია ფურცელზე დატანილი ტექსტის გარჩევა და წაკითხვა.

„ხედავთ, როგორ ხდება ამ კამერების გამოყენებით ლაივ რეჟიმში კონკრეტული პირის მიდევნება, მისი თვალთვალი. ამ კამერების გამოყენებით შესაძლებელი ხდება დაზუმებით და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იმის დანახვა, თუ რას აკეთებს კონკრეტული პირი, მათ შორის, წაიკითხონ მისი პირადი ფურცელი, რომელიც მას ხელში უჭირავს.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ამას არ აქვს რამე ლეგიტიმური მიზანი და ახსნა და ამის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ დაშინების და ტოტალური კონტროლის მიზნებს ემსახურება”. – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

„საია”-ს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ასეთი კატეგორიის მონაცემების ასე დამუშავებაზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

„სტრასბურგის სასამართლოს სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა შეფასებული აქვს, როგორც გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს უმსჯელია იმაზე, რომ ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების, ანუ აქციის კონტექსტში შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპებით მართული დემოკრატიული საზოგადოების იდეებთან და ღირებულებებთან. შესაბამისად, ანალოგიური პრაქტიკა, საქართველოს შემთხვევაშიც არის უფლებების ჩარევის უხეში დადასტურება”. – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

„საია”-ს შეფასებით, მოქალაქის თვალთვალის ზემოთ ხსენებული მაგალითი მიუთითებს შსს-ის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე.

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ მათ მიმართეს პერსონალურ საგამოძიებო სამსახურს და მათგან მოითხოვეს, შეესწავლათ, „რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, როცა ასეთი კატეგორიის კამერები დაყენდა კონკრეტულ ადგილას. რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები. ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამებში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე წვდომა და დაშვება”.

ქურდოვანიძის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ დროისთვის არანაირი შეფასება არ გაუკეთებია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა უწყებას, სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.