საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში) აკვირდებოდა.
კენჭისყრის დასრულებისა და ხმის დათვლის პროცესის შემდგომ საია-მ შეისწავლა ამავე ოლქებში შემავალ უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. შედეგად, კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საია-მ სულ 350-ზე მეტ შემთხვევაზე მოახდინა სამართლებრივი რეაგირება.
ამათგან, საიამ:
- საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი;
- კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში;
- საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში;
- შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, საია ითხოვს ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას. ამ მოთხოვნის დაყენების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ისნის ოლქში შემთხვევითი შერჩევით გადათვლილი 5 უბნიდან, 4 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ცდომილება.
შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, საია ძირითადად, დავობს იმ შემთხვევებში, როდესაც მათში ფიქსირდება:
– დისბალანსი გამოხატული მეტობაში (1-ით ან მეტით);
– დისბალანსი გამოხატული ნაკლებობაში (5-ით ან მეტით);
– გადასწორებულია ან შეუვსებელია მოსული ამომრჩევლების რაოდენობა, სუბიექტებისათვის მიცემული ხმათა რაოდენობა ან/და ბათილი ბიულეტენების გრაფა.
საიაში ამბობენ, რომ ისინი მოელიან, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დააკმაყოფილებს ყველა არგუმენტირებულ მოთხოვნას და გადათვლის სადავო უბნებს.
„ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესების და მის შედეგებთან მიმართებით.
დავების განხილვის შედეგებთან დაკავშირებით, საია შეფასებას მოგვიანებით, საარჩევნო დავების დასრულების შემდგომ გააკეთებს,“ – ამბობენ საიაში.