საია მოუწოდებს „ოცნებას", უარი თქვას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

პუბლიკა

საიას განცხადებით, „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, არჩევნების წინ,  „უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას”. 

„ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ქართული ოცნების წევრების მიერ ინიციირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. მათ შორის, ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესები და პირობები; კენჭისყრის პროცედურები; არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. ამასთანავე, ცესკო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები და ვადები.  დადგენილებით მტკიცდება საარჩევნო კომისიის რეგლამენტიც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ,  უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. „ქართულმა ოცნებამ“   უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები, რომ “საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით“  და არა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის და საპროტესტო გამოსვლების ფონზე”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

2024 წლის 2 მაისს, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება . „ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი”, – ამბობენ საიაში.

მათი განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცესკოს დადგენილების მისაღებად წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკო ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის (12 წევრი) მხარდაჭერით, საკითხს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს (9 წევრი).  წარმოდგენილი ცვლილებით კი ირღვევა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა. შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა”.