საია მოუწოდებს უზენაესის პლენუმს, შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურები

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურები.

საიას  ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლო  10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, მათგან სამს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს. კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილების მისაღებად დამსწრეთა 2/3-ია საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2019 წლის 5 დეკემბერიდანაა თავისუფალი.  საიას ინფორმაციით, მიუხედავად  მოწოდებისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დაარღვია კანონი და ამ დრომდე არ გადადგა ვაკანსიის შესავსებად საჭირო ნაბიჯები. ეს პროცესი დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოულოდნელად, დაინიცირდა. ხვალ, 31 მარტს, 15:00 საათზე, გაიმართება პლენუმის სხდომა, რომლის დღეს წესრიგის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა.

„პლენუმისათვის კანონით დაკისრებული მოვალეობა სასამართლოსადმი ხალხის ნდობის და რწმენის განმტკიცებაა, თუმცა ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს მესვეურების კეთილსინდისიერებას. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, როცა პანდემიის გავრცელებისგან შეჩერების მიზნით სასამართლო სხდომებიც კი ელექტრონულად მიმდინარეობს, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია. ამგვარ სიტუაციაში ასევე შეუძლებელია საკითხის გარშემო ჯეროვანი დისკუსიის გამართვა, ხოლო სხდომის ფორმალურად ღიაობა ვერ შეავსებს საჯარო მსჯელობის იმ დეფიციტს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის  ამ პირობებში დანიშვნა წარმოშობს. ეს ქმედება მმართველი გუნდისა და კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი გავლენის კიდევ უფრო განვრცობას ემსახურება“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოს პლენუმს, დროებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეაჩეროს პროცესი, ხოლო მისი განახლების შემდეგ, კენჭისყრამდე გონივრული დროით ადრე, განხილვის მიზნით, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ.