საია: მოვუწოდებთ შსს-ს უზრუნველყონ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი რეალიზება

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას დემონსტრაციების დროს სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის პრინციპები, უზრუნველყოს მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი რეალიზება.

საიას შეფასებით, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებართვის გაცემა ღირსების შემლახავია, ვინაიდან წარმოადგენს კონსტიტუციით ცხადად განსაზღვრულ საგარეო კურსთან შეუთავსებელ მოქმედებას.

„რუსეთის ფედერაციის და მის მიერ ეფექტიანად კონტროლირებადი ძალების მიერ ყოველდღიურად მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფონზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებართვის გაცემა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი, ღირსების შემლახავია, ვინაიდან წარმოადგენს კონსტიტუციით ცხადად განსაზღვრულ საგარეო კურსთან შეუთავსებელ მოქმედებას. ამის შესახებ, მათ შორის, შეფასებები გააკეთეს სახელმწიფოს სტრატეგიულმა პარტნიორებმაც.“ – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ – 20:00-ზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ინიციატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან და მათ პოლიტიკოსებიც უერთდებიან.