2025 წლის 21 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ ნინო დათაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353/2-ე მუხლის მე-3 ნაწილით – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული ძალადობის მუხლით წარუდგინა.
სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 2025 წლის 6 თებერვალის ცვლილებებით დაემატა.
პროკურატურა ნინო დათაშვილს 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში მომხდარ შემთხვევას ედავება.
თავად ნინო დათაშვილი ამბობს, რომ თვითონ გახდა მანდატურების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ინციდენტთან დაკავშირებით კი მან თავად გამოიძახა პატრული, რომელიც ადგილზე არ მოვიდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე.
საიას შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით.
„ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში.
ამასთან, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია, მიმდინარეობს”. – აცხადებს საია.
ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ მუხლი, რომლითაც ნინო დათაშვილის მიმართ ბრალია წარდგენილი, ჯარიმასაც ითვალისწინებს.
ამავე დროს, დათაშვილს ყავს შვილი და აქვს აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები.
საია ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა.
„პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად.
გარკვეული საფრთხეების განეიტრალების მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასაც.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს:
ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად”.
დაცვის მხარე სასამართლოსთან სწორედ ამგვარ ზომებს შუამდგომლობდა, თუმცა, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ის არ გაითვალისწინა.
„აქტივისტების მიმართ განხორციელებული ტოტალური კონტროლის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან იმის უაპელაციოდ გაცხადება, რომ პატიმრობაა ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქალი ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია”. – აცხადებს საია.
ორგანიზაცია ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს ნინო დათაშვილის განცხადებას, რომ მანდატურების მხრიდან ძალადობის შემდეგ პატრულიც გამოიძახა, თუმცა, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა.
„საიასთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბოლო პერიოდში აქციების კონტექსტში დაკავებული დემონსტრანტების პროცესებზე დასწრების მიზნებისთვის სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე, ვინაიდან, სასამართლოში მანდატურების მხრიდან მიმდინარე ძალადობაზე მიუთითებდნენ სხვა მოქალაქეებიც. აღნიშნულზე საუბრობენ ჟურნალისტებიც.
ამგვარი მიდგომები ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს”. – აცხადებს საია.